არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს დესპანი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც ჯანჯღავამ განაცხადა, მისთვის უცნობია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ-დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში „ქართული ოცნების“ დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" ინფორმაციით, დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, 1 თვეს გაატარებენ.
აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა კი სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეომიმართვაში ზარქუამ განაცხადა, „რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“.
ვიქტორ სანიკიძის განმარტებით კი, „უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ“.
„მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - განაცხადა სანიკიძემ.
14 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განაცხადეს, რომ აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
წყარო - “ინტერპრესნიუსი”