ეს ომი არ დაწყებულა არც 8-ში, არც 7-ში ან 6-ში, ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და დღემდე გრძელდება - შალვა პაპუაშვილი
პაარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ ხელისუფლებაში იყო და ამის შემდეგაც სამივე პრეზიდენტი სწორედ 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს აგვისტოს ომში გარდაცვლილებს.
„გადახედეთ არქივს, 2015-2016 წლიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო გამიჯვნა გლოვის დღიდან და დაიწყო ალტერნატიული გლოვის დღის დაწესების ტენდენცია,. ეს არის საქართველოს ისტორიის წინაშე არასწორი საქციელი. ეს ომი არ დაწყებულა არც 8-ში, არც 7-ში ან 6-ში, ეს ომი დაიწყო 90-იან წლებში და არ დასრულებულა არც 12 აგვისტოს, ეს ომი დღემდე გრძელდება. მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ომი არ დასრულდება. ჩახედეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო და დაამტკიცა ოკუპაცია. იქ ყველაფერზეა პასუხი გაცემული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან რეზოლუციაზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომიდან ორ თვეში მოაწერა ხელი.
„ბევრი პერიპეტიის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ მოუწია აღიარება, რომ ეს რეზოლუცია ამ შინაარსით იყო საზიანო. დღემდე ცდილობენ გამართლებას, თითქოს დადებითი პუნქტების გამო დაუჭირეს მხარი, რაც აბსოლუტური ტყუილია. იმ რეზოლუციას საკმარისი მხარდამჭერი ჰყავდა. ცუდი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფოს სახელით დელეგაციაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ჩანაწერებს, რომელსაც, თავადაც აღიარებენ, რომ საზიანოა. ფაქტია, რომ გამართლება ამ ქმედებას არც პოლიტიკური და არც ტექნიკური არ აქვს. სწორედ ეს არის ფაქტები, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, როგორ უდიერად ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს ინტერესებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.