არ გავხდეთ "ნაცმოძრაობის" სპეკულაციების ნაწილი - ირაკლი ქადაგიშვილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ომის თარიღით სპეკულირებს.
"როდესაც ეს რეზოლუცია ნათელი გახდა და იმ რეზოლუციაში რასაც მათ ხმა მისცეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო საქართველომ დაბომბვა ცხინვალისა. აი, ამის შემდეგ მათ დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ გაემართლებინა ამ რეზოლუციაში ჩანაწერის არსებობა. ამიტომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ სპეკულაციებთან, მაგრამ რეალურად ჩვენ მთავარია, გმირების ხსოვნას მივაგოთ შესაბამისი პატივი და არა იმ სპეკულაციების თანამონაწილეები გავხდეთ რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწევა. საქართველო ამას აღნიშნავდა 8 აგვისტოს და აღვნიშნავთ 8 აგვისტოს და საერთაშორისო პარტნიორებმა როცა უნდა მაშინ აღნიშნონ", - აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლება 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს, დღეს ისინი აცხადებენ, რომ 8 აგვისტოს აღნიშვნა რუსული ნარატივის გაგრძელებაა. "ქართული ოცნება" ოპონენტებს იმ ბრძანებულებას ახსენებს, რომელიც სააკაშვილის დროს იყო გამოცემული და სადაც ეწერა, რომ რუსული აგრესია 8 აგვისტოს დაიწყო. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყანამ მაშინ უნდა მიაგოს პატივი გმირებს, როდესაც მათ, მათი ოჯახის წევრები იხსენებენ.
2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.