"ზურა ჯაფარიძე კი არა, ბინ ლადენი არ აანონსებს საბოტაჟს, სიცილის მომგვრელია" - თაკო ჩარკვიანი ზურა ჯაფარიძეს
პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება.
"ბატონ ჯაფარიძისგან ვერ გავიგე სიტყვა საბოტაჟი. ვურჩევდი, ასეთ ტერმინებთან ფრთხილად იყოს. დათვური სამსახური გამოდის მთელი ოპოზიციისთვის. როდესაც აჯანყებაზე ვსაუბრობ, ეს ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლებაა. როდესაც სიტყვა საბოტაჟს ვამბობთ, ეს ან პოლიტიკური უმწიფრობაა ან პირდაპირ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. საბოტაჟს თუ აპირებ და გამკეთებელი ხარ, არ აანონსებ. ზურა ჯაფარიძე, თამარ ჩარკვიანი, პეტრე და ივანე კი არა, ბინ ლადენი არ აანონსებს საბოტაჟს, არ ხდება ასე, სიცილის მომგვრელია. სექტემბერში, მოდი, საბოტაჟი გავაკეთოთ, ეს ოპოზიციისთვის არის ცუდი. საბოტაჟი კი არა, მოდით, ხალხნო, ის გავაკეთოთ, რაც ვერ გაგვიკეთებია ჯერ, რომელ საბოტაჟზეა ლაპარაკი. თუ ვმაიმუნობთ, ვთქვათ. ერთი მესიჯბოქსი შევიმუშაოთ ოპოზიციაში, მათ შორის იყოს ბატონი ჯაფარიძე, მივესალმები იმას, რომ ქუჩა უნდა გრგვინავდეს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა:
"მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით, როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი. ამათ ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში. დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით – სექტემბრიდან მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, მეტწილად ამას დავუთმოთ დრო, ვიდრე არ დანიშნავენ რიგგარეშე არჩევნებს. გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.