"ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები“ - ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე
ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
"საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას გააგრძელებს.
"მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე, გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - განაცხადა ვარჰეიმ.