„ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს - ანრი ოხანაშვილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არ იცვლის და სასამართლო სისტემაში სურს ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ხალხი არ იცვლის ზნეს, როგორც ადრე სურდათ ჰქონოდათ ძალაუფლების ბერკეტი სასამართლოში, მათ ახლაც სურთ იხელმძღვანელონ არა საუკეთესო სამუშაო პრაქტიკით, არამედ საბჭოს გადაწყვეტილებების დაბლოკვით, ისეთი მექანიზმების შემტანით, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო მიდგომებს და პირიქით, არღვევს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის პრინციპებს. არ იცვლის ეს ხალხი ზნეს, მათი მიზანი არის არა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაუმჯობესება და შემდგომი წვლილის შეტანა სასამართლო განვითარებაში, არამედ დაუფარავად აცხადებენ, რომ სურთ ისეთი მექანიზმების შემოტანა, რომელიც არავითარ საერთაშორისო სტანდარტში არ ჯდება. მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.