ყველა რუსისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის კარგი იდეა - ჯოზეფ ბორელი
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ზოგიერთი სახელმწიფოს წინადადებას ეწინააღმდეგება.
"ყველა რუსისთვის შესვლის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ბორელმა.
ბორელმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გარკვეული ზომები რუსებისთვის ვიზების აკრძალვასთან დაკავშირებით, ზოგი კი ამის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უმჯობესი იქნება, ეს საკითხი ჯერ ევროკავშირის დონეზე განიხილონ.
"ევროპამ არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ“, - აღნიშნა მან.