თეგებით ძიება

მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე პირებისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს

თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოყოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მერიას, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის არჩევნებზე, ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა უსახლკაროს სტატუსის მქონე პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. მაშინ ასეთი სტატუსის მქონე, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი გვყავდა აღრიცხული და მათი უსახლკარობის პრობლემის მოგვარებაზე არჩევნების დასრულებისთანავე აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემად მერიამ კერძო მესაკუთრეებისგან უკვე შეისყიდა 125 საცხოვრებელი ბინა, რომლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე უსახლკარო ოჯახებისთვისაა გადაცემული. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ოჯახების საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებისთვის, დამატებით გამოვყოთ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართებიც, რომელიც მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან აქვს გადმოცემული. უსახლკარო ოჯახების საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდინეთ გადმოცემული ბინების სისტემატიზაცია, ინვენტარიზაცია და პირველ ეტაპზე, განვიხილავთ მუნიციპალური თავშესაფრისთვის 151 ბინის გადაცემის საკითხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ ბინები მოიყვანონ თეთრი კარკასის მდგომარეობაში, რის შემდეგაც სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალიტეტი უზრუნველვყოფს.

მერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე 400-ვე ოჯახი ბინით დაკმაყოფილებული იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა