რუსეთის სარაკეტო იერიში არის პასუხი მათთვის, ვინც პუტინს დაურეკა და შეხვდა - სიბიგა
რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევა არის ომის დამნაშავე ვლადიმერ პუტინის პასუხი მათ მიმართ, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა ან მოინახულა, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს, უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და დრონების თავდასხმას.
„რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა: თვითმფრინავები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას მიმართ, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა და მოინახულა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მიღწევა სიძლიერით და არა დაშოშმინებით”, - წერს სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ორი წლის განმავლობაში პირველად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ზარს "პანდორას ყუთი" უწოდა.