სარფიდან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები გახშირდა - რუსებს აფრთხილებენ
ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულო რუსეთის მოქალქეებს აფრთხილებს და აცნობს ინფორმაციას, რომ ბოლო დროს გახშირდა სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები.
რუსეთის საკონსულოს მტკიცებით, ქართველი მესაზღვრეები რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლაზე უარს დაუსაბუთებლად და მიზეზების განმარტების გარეშე ეუბნებიან.
"რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მაცხოვრებლები, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა," - აცხადებს საკონსულო და წერს, რომ ყოველდღიურად აღრიცხავენ უარის შემთხვევებს.
მათივე თქმით, მესაზღვრეები ქვეყანაში შესვლაზე უარს რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებსაც ეუბნებიან.