გამიკვირდა, როცა ჩემს ანგარიშზე თანხის დარიცხვა დაიწყო... ამ თანხით კიდევ უამრავ გაჭირვებულს დავეხმარები - რას ამბობს დევი მეზურნიშვილი?
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვაკის პარკის მთავარი მებაღის, დევი მეზურნიშვილის მიმართ გამოჩენილი ქველმოქმედების გამო გამოქვეყნდა მისი საბანკო ანგარიში, სადაც საზოგადოების ნაწილი ფულს რიცხავს.
რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა „ლაივი", სადაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ წაეხალისებინათ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას გამოჩენილი გმირობა და მებაღე, რომელმაც ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა.
როგორც დევი მეზურნიშვილი ამბობს, საქმის კურსში არ იყო და მისთვისაც მოულოდნელი იყო ეს წამოწყება.
„მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ არ იყო საჭირო... მთელი ცხოვრება თვითონ ქველმოქმედებას ვეწევი, რითაც შემიძლია და ალბათ ამ თანხასაც გაჭირვებულ ადამიანებს გადავცემ" - ამბობს დევი მეზურნიშვილი.
„არ ვიყავი საქმის კურსში, არაფერი ვიცოდი. ძალიან გამიკვირდა, ჩემს ანგარიშზე თანდათან თანხები რომ ირიცხებოდა. ვერ გავიგე, ანგარიში საიდან იცოდნენ, ვინ და როგორ გაავრცელა... მერე „ტვ პირველიდან" დამიკავშირდნენ და მითხრეს, ეს ჩვენ გავაკეთეთ, ხალხის მხარდაჭერით, თქვენს მიმართ მადლიერება რომ გამოეხატათო. ვუთხარი, რომ არ იყო საჭირო. ნეტა, ის გოგონა გადარჩენილიყო, ამით უფრო ვიამაყებდი და ეს იქნებოდა ჩემთვის საჩუქარი-თქო. არა, არაფერია, არ იუხერხულოთ, ოჯახს მოახმარეთ, ჩვენი ინიციატივით მოხდა ასეო. დიდი მადლობა ყველას, მაგრამ არ იყო საჭირო...
ფულის გულისთვის არაფერი გამიკეთებია, ამაზე როგორ უნდა მეფიქრა, ბავშვები იღუპებოდნენ და მათ გადასარჩენად შევედი წყალში.
თვითონ, მთელი ცხოვრება, საქველმოქმედო ფონდში იქეთ ვრიცხავდი, რაც შემეძლო. ამ თანხით კიდევ უამრავ გაჭირვებულს დავეხმარები. უღრმესი მადლობა ყველას, უბრალოდ, არ იყო საჭირო, ცხოვრებაში არავისთვის არაფერი მითხოვია, არავინ ჩათვალოს, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო, ან საქმის კურსში ვიყავი. წლების მანძილზე ქირით ვცხოვრობ ერთ პატარა მოჭყუნულ ოთახში და ხელფასის ნახევარს ქირაში ვიხდიდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ასე მოკრძალებულად ვცხოვრობ, არასდროს არავისთვის არაფერი შემიჩივლია და მითხოვია, რასაც ვშრომობდი, ცოტა იყო თუ - ბევრი, იმით ვკმაყოფილდებოდი. უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ ყველას", - თქვა დევი მეზურნიშვილმა.
წყარო: ambebi.ge