საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული - მაკა ბოჭორიშვილი
მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც მთელი რეგიონის ინტერესში შედის.
„მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცება არის ჩვენი რეგიონის უნიკალური პოტენციალის სრულად ათვისების საუკეთესო შესაძლებლობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან გაგრძელდება საქართველოს მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად.
ამასთან, ბოჭორიშვილის განცხადებით, სამმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის დარჩება მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად.
მაკა ბოჭორიშვილის თქმითვე, სომხეთის რესპუბლიკასთან ახალ ნიშნულზე გადასული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.
„მზად ვართ რეგიონის სამივე ქვეყანასთან შევინარჩუნოთ უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა, რაც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.