თეგებით ძიება
20. 10. 2022 ბიზნესი

ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებულია

დღეს, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის დაჯილდოვების მეხუთე ცერემონია გაიმართა.

კონკურსი მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის გაძლიერებას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

სს ‘ლიბერთი ბანკი’ გახდა გაეროს მდგრადი განვითარების მე-9 მიზნის - ინდუსტრია, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა გამარჯვებული, პროექტით: ‘ტელეკლინიკა MyDoc’ (ჩემი ექიმი).

ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა-MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, რამდენიმე თვის წინ დაიწყო ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტის განხორციელება. პროექტის ფარგლებში, უფროსი თაობის ადამიანებისთვის მობილური კლინიკების მეშვეობით, შესაძლებელი გახდა მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება დისტანციურად, ყველაზე მოშორებულ სოფლებსა და რეგიონებში. დღემდე, პროექტის ფარგლებში ‘ტელეკლინიკა MyDoc’-მა, ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებთან ერთად, უკვე განახორციელა ვიზიტი 112 სოფელში, შედეგად გამოკვლევა ჩაიტარა 2000-მდე უფროსი ასაკის ადამიანმა და გადამისამართდა შესაბამის სპეციალისტთან.

„2022 წელს წარვადგინეთ ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელიც სრულად თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. ჩვენი საქმიანობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ ისეთი პროექტები და პროგრამები განვახორციელოთ, რომელიც გაზრდის ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ფინანსურ წიგნიერებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

დღეს, ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსის გამარჯვებული კომპანია. ეს ჯილდო, მეტ სტიმულს აძლევს ლიბერთის გუნდის თითოეულ წევრს გავაგრძელოთ ადამიანებზე ზრუნვა და შევქმნათ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს და პროექტში ჩართულ ჩვენი გუნდის წევრებს. მოხარული ვართ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტს ასეთი მაღალი შეფასება მისცა.’ - ბექა გოგიჩაიშვილი, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს შესახებ “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2022“ განკუთვნილია ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული კომპანიებისათვის; ეს არის ჯილდო კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობა ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს 20 000 - ზე მეტ მონაწილეს 161 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია, მდგრადი, გლობალური და ინკლუზიური ეკონომიკის საფუძვლების შექმნა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

სს ლიბერთი ბანკის შესახებ ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.

ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა