"პასპორტი გახსნა თუ არა, თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა...ფუთბოლ, ფუთბოლო, "ნაპოლი"," ნაპოლიო". იმეორებდა..მთხოვა, მითხარი, ხვიჩას სახელს და გვარს როგორ გამოთქვამო" - რა მოხდა ფრანკფურტის აე
მწერალი, გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში ფრანკფურტის აეროპორტში მომხდარ სახალისო ისტორიაზე წერს, რაც "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.
"ახლა ფრანკფურტის აეროპორტში ვართ მე და ზვიად კვარაცხელია, რეგისტრაციაზე მთელი კვირის დაღლილებმა, დიდ რიგში ლოდინის შემდეგ მივაღწიეთ და ცოტათი ჩვენი ბარგის ზედმეტი წონაც გვედარდებოდა. რიგმა ერთ-ერთ ბიჭ ოპერატორთან გაგვანაწილა, რომელმაც ზვიადის პასპორტი გახსნა თუ არა, თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა. ზვიადი ანერვიულდა, რამე ხომ არ ჭირს ჩემს პასპორტსო, ოპერატორი კი აფორიაქებული ზვიადის გვარზე მიგვითითებდა და ფუთბოლ, ფუთბოლო, ნაპოლი, ნაპოლიო იმეორებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენი გერმანელი ოპერატორი ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებული ფანი აღმოჩნდა, რომელიც ლამის გვეხვეწებოდა გვეთქვა, რომ ზვიადი ხვიჩას ოჯახის წევრი იყო. ასეთ ტყუილს ვერ ვიკადრებდით, მაგრამ უცებ ნუგეშად ის შევაშველე, ერთი ქალაქიდან არიან-მეთქი (მთლად ერთიდან არ არიან, მაგრამ მეზობელი ქალაქიდან ნამდვილად). მერე ისევ გააფართოვა თვალები და მთხოვა, მითხარი, ხვიჩას სახელს და გვარს როგორ გამოთქვამო. ზვიადმა პროფესიული ინფორმაცია ჩაუფინა - სერია ა-ს და ჩემპიონთა ლიგას ვიგებთო, იმანაც, აბა რაო!
მოკლედ, არც ჩვენი ბარგის წონისთვის შეუხედავს და საუკეთესო ადგილებზეც გაგვამწესა. ზვიადთან ერთად გადაადგილება, როგორც ვატყობ ჩემთვის მომავალში კიდევ უფრო მომგებიანი გახდება, თუმცა დღესაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მადლობა ზვიადს და ხვიჩას, რა თქმა უნდა ", - წერს ჯობავა.