ორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და ისრაელის პრემიერის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ისრაელელ კოლეგას ბენიამინ ნეთანიაჰუს ქვეყანაში მიიწვევს და აღნიშნა, რომ გარანტიას იძლევა, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი „არ შესრულდება“. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC-ის) დაკავების ორდერი „არასწორია“ და აღნიშნა, რომ ისრაელის ლიდერი უნგრეთში "ადეკვატური უსაფრთხოების პირობებში“ მოლაპარაკებების წარმოებას შეძლებს.
"დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ნეთანიაჰუს უნგრეთში ვიზიტისთვის და ამ მოწვევით გარანტიას მივცემ, რომ თუ ჩამოვა, ICC-ის გადაწყვეტილებას უნგრეთში არანაირი ეფექტი არ ექნება და ჩვენ არ დავიცავთ მის შინაარსს“, - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები არ იჩენენ წინდახედულობას, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება. მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ცინიკურია, რადგან ის პოლიტიკური მიზნებით ერევა მიმდინარე კონფლიქტში.
"ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“, - დაასკვნა მან.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 21 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის, ასევე, „ჰამასის“ ლიდერის იბრაჰიმ ალ-მასრის დაკავების ორდერები გასცა, ღაზას კონფლიქტში სავარაუდო ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულების გამო.