როგორ გავყიდოთ ბინა სწრაფად? - პრაქტიკული რჩევები
ბინის გაყიდვა, ისევე როგორც მისი ყიდვა, მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყველას უნდა რომ რაც შეიძლება სწრაფად და მომგებიანად გადაწყვიტოს. მათ, ვისაც ბინის გაყიდვა უნდათ, ვთავაზობთ რჩევებს - როგორ დავწეროთ განცხადება, როგორ მოვამზადოთ ბინა გასაყიდად, სად ვეძებოთ პოტენციური მყიდველები და ა.შ.
რაც უფრო სუფთა და მინიმალისტური იქნება ბინა, მით უკეთესია. ბინის მოყვანა პრეზენტაბელურ მდგომარეობაში მარტივად შეგიძლიათ: მოაწესრიგეთ ყველაფერი რაც უკვე მოძველებულია და ცუდად გამოიყურება - დაწებეთ, შეღებეთ ან შეცვალეთ; გაიტანეთ სახლიდან ზედმეტი ნივთები, რაც შეიძლება ბინის ატმოსფეროს ტვირთავდეს; თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, სასურველია ოთახებიდან ავეჯის გატანაც (თუ რა თქმა უნდა ბინის ავეჯიანად გაყიდვას არ გეგმავთ), რადგან ასე ბინა უფრო ფართო და ნათელი ჩანს. თანაც მყიდველს არა თქვენი ავეჯი, არამედ საცხოვრებლის ფართი და სივრცე აინტერესებს.
გადაიღეთ ბინის ფოტოები რაც შეიძლება ხარისხიანად. ასევე მნიშვნელოვანია რაკურსი, განათება, ინტერიერის კონკრეტული დეტალების წარმოჩენა და ა.შ. ფოტოები უკეთესი გამოდის თუ მას ოთახის კუთხიდან და ოდნავ ზემოდან გადაიღებთ. ნათელი ფოტოები უფრო ლამაზია და ყურადღებასაც მეტად იქცევს, ვიდრე ჩაბნელებული, ამიტომ ფოტოები დილით ან დღისით გადაიღეთ, როცა საცხოვრებელში ბუნებრივი განათებაა. თუ თავად ვერ ახერხებთ ამ ყველაფერს, შეგიძლიათ ფოტოგრაფი დაიქირაოთ.
რაც შეეხება განცხადების განთავსებას, ეს სულ რაღაც 5 წუთს წაიღებს. არსებობს უძრავი ქონების გაყიდვების უამრავი გვერდი, სადაც მისი განთავსება შეგიძლიათ. თუ გნებავთ შეგიძლიათ უძრავი ქონების რეალტორიც დაიქირაოთ, რომელიც პერსონალურად მიაქცევს ყურადღებას თქვენი ბინის გაყიდვის საკითხს.
განცხადების დაწერისას: აღწერეთ ბინა დეტალურად, მიუთითეთ ზუსტი ადგილმდებარეობა და ატვირთეთ ყველა ოთახის ფოტო. კარგი იქნება თუ თან დაურთავთ შენობის გარე ფასადის, ეზოს, ჰოლისა და სადარბაზოს ფოტოებს. განცხადებაში ასევე აღწერეთ ინფრასტრუქტურა, ხაზი გაუსვით ტრანსპორტთან და აუცილებელ ობიექტებთან სიახლოვეს, საცხოვრებელი რაიონის განსაკუთრებულობას. ასევე უპირატესობაა პარკინგის არსებობა, სკვერებისა და სპორტული მოედნების სიახლოვე და რაც მთავარია, ხედი ბინიდან, რასაც მართლაც რომ დიდ ყურადღებას ანიჭებენ.
წარმატებას გისურვებთ!