„იცოდე რას ყიდულობ“ - როგორ შევამოწმოთ ბინა ყიდვამდე?
თუ ბინის ყიდვა გადაწყვიტეთ და უკვე შერჩეულიც გაქვთ რამდენიმე სასურველი ვარიანტი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინოთ.
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ადგილმდებარეობას: შეისწავლეთ მანძილი სახლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამდე, მაღაზიებამდე, აფთიაქამდე და სხვა საჭირო ობიექტებამდე.
მნიშვნელოვანი ფაქტორია საცხოვრებლის სიახლოვეს საბავშვო მოედნების, სკვერების, სპორტული მოედნების არსებობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნახოთ რამდენად მოწესიგებულია შიდა ეზო, სახლთან მისასვლელი გზები და ტროტუარები და რაც მთავარია, გაიგეთ არის თუ არა საცხოვრებელ სახლთან პარკინგი. ასევე კარგი იქნება თუ სახლის სიახლოვეს განთავსებული იქნება ნაგვის კონტეინერები, რაც ეზოში სისუფთავეს და წესრიგს უზრუნველყოფს.
არის კიდევ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუმცა კარგი იქნება თუ ამასაც ვიკითხავთ. გაიგეთ, ხომ არ არის ახლომახლო რაიმე საწარმო, რომელიც შეიძლება მავნე ნივთიერებებს გამოყოფდეს. ჯანსაღი და ეკოლოგიური გარემო ხომ ყველაზე მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება თვითონ საცხოვრებელ ბინას, მისი დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ რამდენად შეესაბამება განცხადებაში მოცემული პარამეტრები (კვადრატულობა, ჭერის სიმაღლე, სახლის ტიპი და ა.შ.) რეალობას. დარწმუნდით იმაშიც, რომ ბინაში არ არის ჩატარებული უკანონო გადაგეგმარება.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ: სადარბაზოსა და ჰოლის მდგომარეობას; ლიფტის გამართულობას; ოთახების, ჭერის, კედლებისა და იატაკის სისწორეს; სანტექნიკის, გაზის მილებისა და მსგავსი კომუნიკაციების მდგომარეობას; ხმის იზოლაციის დონეს.
თუ თქვენ დეტალურად დათვალიერების შემდეგ, გადაწყვიტეთ ბინის ყიდვა, დროა იურიდიულ საკითხებზე გადახვიდეთ, რათა შემდგომში უსიამოვნო სიურპრიზები არ შეგხვდეთ. პირველ რიგში გაიგეთ ხომ არ არის რაიმე აკრძალვა, ან ყადაღა აღნიშნულ ბინაზე, რამაც შესაძლოა სამომავლოდ პრობლემები წარმოშვას. გარდა ამისა, სასურველია შესაძენი უძრავი ქონების სტატუსის შემოწმებაც, რათა გამოირიცხოს ფართზე რაიმე სახის შეზღუდვა, იპოთეკა ან სხვა ვალდებულება.
ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, მყიდველმა ბინის ყიდვამდე გაითვალისწინოს ყველა დეტალი და პასუხისმგებლობა და თუკი ბუნდოვნად რჩება რაიმე საკითხი, აუცილებლად მიმართოს იურისტს/ადვოკატს და მიიღოს კვალიფიციური რჩევა მისგან.