მე-3 მსოფლიო ომი იწყება? - რა პროგნოზს აკეთებს ანალიტიკოსი?
მთავარი არის არა ის, კონკრეტულად საიდან იყო რაკეტა გასროლილი, არამედ რისი შედეგია ეს, - ასე აფასებს ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების ფაქტს.
„რომ არა რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, ამიტომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც რუსეთთან მიდის.
რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, დასავლეთი, რა თქმა უნდა, ამას უპასუხოდ არ და ვერ დატოვებს. ძნელად წარმოსადგენია, რომ ახლა ამას მესამე მსოფლიო ომი მოჰყვეს, მაგრამ ერთი, რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ უკრაინას მნიშვნელოვნად გაეზრდება სამხედრო დახმარება, რაც საბოლოო ჯამში, რუსეთის კრახს დააჩქარებს და ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე ხელშესახები შედეგი. ვნახოთ, სამხედრო სახით რა პასუხი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. როგორც დასავლეთში აცხადებენ, აქ მთავარი არის შემდეგი - ეს მიზანმიმართული იყო თუ რაღაცის შედეგად მოხდა პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოგდება, რასაც რაკეტის ტრაექტორიის შესწავლის შედეგად დაადგენენ“, - განაცხადა ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველა დეტალი უნდა დადგინდეს და ამის შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე ნატო-ს მხრიდან", - განაცხადა ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა.