შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა? - საქართველოს პარლამენტის ახალი ინიციატივა
საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა.
ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება, მათ შორისაა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობები.
ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს უნიკალური ეკოსისტემების დაცვას, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად სარგებლობას, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისებას, რაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.
კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.