თეგებით ძიება
15. 03. 2023 ბიზნესი

ენერგოეფექტური შენობა და მისი სარგებელი

21-ე საუკუნეში თანამედროვე შენობა-ნაგებობის ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი მისი ენერგოეფექტურობა არის.

რას გულისხმობს ენერგოეფექტური შენობა?

ეს უპირველესად ნიშნავს, ნაკლები ენერგიის გამოყენებით, იმავე სარგებლის მიღებას, რასაც სტანდარტული შენობები იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოეფექტური სახლის მშენებლობა სტანდარტულთან შედარებით უფრო მაღალბიუჯეტურია, ის საშუალებას იძლევა, მომავალში სერიოზული თანხები დაიზოგოს კომუნალური თუ სხვა გადასახადების შემცირებით.

როგორ მიიღწევა ენერგოეფექტურობა თანამედროვე შენობებში?

ენერგოეფექტურობის მიღწევა შესაძლებელია, როგორც ახალი მშენებლობის, ასევე არსებული შენობის შემთხვევაში. შენობაში სითბოს 61% მისი კედლებიდან, ფანჯრიდან და სახურავიდან იკარგება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იზოლირებული იყოს შენობის ეს ნაწილები.

კედლები 

კედლებში გამავალი ენერგიის ნაკადები დაკავშირებულია კედლის მასალის თერმულ წინაღობასთან, რომლის მაღალი სტანდარტი სხვადასხვა გზით მიიღწევა: მაღალი თერმოიზოლაციის მქონე ბლოკის შემთხვევაში თვითონ ბლოკი უზრუნველყოფს თერმულ წინაღობას. მაღალი თერმოიზოლაციის მქონე ბლოკის ფასი დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ბლოკი, თუმცა ის არ საჭიროებს დამატებით საიზოლაციო მასალებს. აქვს დაახლოებით 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა. უფრო მსუბუქია – შესაბამისად იძლევა კონსტრუქციული დანახარჯების შემცირების საშუალებას. კედლების სწორი იზოლაციით შესაძლებელია გათბობა/გაგრილების დანახარჯების 15–35%-მდე შემცირება.

ფანჯრები

ერთმინიანი ჩარჩოს ნაცვლად, ორმინიანი მეტალოპლასტმასის ან ალუმინის ფანჯრების გამოყენებით შესაძლებელია, ენერგიის დანახარჯის 15%-ით შემცირება, ამასთან ორმაგი მინა უკეთესია ხმის იზოლაციისთვისაც. ფანჯრების მოწყობისას ყურადღება უნდა მიექცეს ჩარჩოსა და კედელს შორის არსებული ნახვრეტების იზოლაციას.

ჩნდება კითხვა, რომელია უკეთესი - ალუმინის თუ მეტალოპლასტმასის ფანჯრები?

მეტალოპლასტმასის ფანჯრები

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები სარგებლობს დიდი პოპულარობით, რადგან ფასი და ხარისხი პროპორციულია. მათი არჩევის დროს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხარისხს, რადგან საუკეთესო ხარისხის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას, ასევე თბო იზოლაციას. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ექსპლუატაციის ვადა 30 წლამდეა.

ალუმინის ფანჯრები

ალუმინი არის მსუბუქი, მტკიცე, მდგრადია კოროზიის, დეფორმაციისა და ეკოლოგიური ზემოქმედებისადმი. გამოირჩევა მაღალი თბო და ხმის იზოლაციით. რაც ყველაზე მთავარია, სხვა მასალებთან შედარებით საკმაოდ დიდხანს - 80-90 წელს ძლებს. მართალია, მეტალოპლასტმასის ფანჯრებთან მიმართებით ალუმინის ფანჯრები უფრო ძვირი ჯდება, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო დიდხანს ძლებს. გარდა ამისა, ალუმინის ფანჯრების კონსტრუქცია უკეთესია და უფრო მეტად კომფორტულიც.

სახურავი

სახურავის იზოლაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი შენობებისთვის, ან ბოლოს სართულზე არსებული ბინებისთვის. მანსარდის იზოლაციისთვის გამოიყენება მინერალური ბამბა, ქვაბამბა, პენოფოლი და ა.შ. მანსარდის იატაკზე საიზოლაციო მასალების დაგებით შესაძლებელია, ენერგო დანაკარგის დაახლოებით 20%-მდე შემცირება.

გარდა ამისა, ენერგოეფექტურობის მისაღწევად აუცილებელია, მშენებლობისთვის სწორად შერჩეული ადგილი. იდეალური ადგილი ენერგოეფექტური სახლისთვის ის ადგილია, სადაც შენობის ორიენტაცია სამხრეთ მხარეს იქნება. შერჩეული ადგილი შორს უნდა იყოს ტყისგან და სხვა მაღალსართულიანი შენობებისგან, იმისთვის,რომ მან მიიღოს მზის მაქსიმალური ენერგია.

მართალია, ტრადიციულ საცხოვრებელ სახლთან შედარებით, სრულიად ენერგოეფექტური სახლის აშენება შეიძლება 15–20%-ით მეტი დაჯდეს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგოეფექტური სახლი საშუალებას გვაძლევს, დავზოგოთ დაახლოებით 50% ენერგია, რაც გულისხმობს სახლის ექსპლუატაციის დანახარჯების განახევრებას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა