თეგებით ძიება
29. 03. 2023 სპორტი

"თურმე ფეხბურთს იდგა და ისე უყურებდა, თან მოძრაობებს აკეთებდა... ბავშობიდანვე უცნაური ბიჭი გამოდგა ხვიჩა" - რას წერს კვარაზე გიორგი კეკელიძე?

მწერალი, გიორგი კეკელიძე, რომელიც "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს, სოციალურ ქსელში ამონარიდს აქვეყნებს.

"ათასგვარად შეიძლება გაიხსენო, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის ფეხბურთი - ბევრია ასეთი მოგონება და კადრი - მხატვრულიც, ნამდვილიც და მითიურიც. არის ეს მსოფლიოში  ფეხბურთზე გადაღებულ საუკეთესო ფილმის ფინალში (მარტო ის ღირს საამბოდ, ქალმა რომ შექმნა ,,პირველი მერცხალი") მოტყუებული ფოთელი ფეხბურთელების სიმღერა თუ სხვა სურათში, იპოლიტე-ფეოლას უნებლიე მწვრთნელობა და მღელვარება. არის ეს უიმედო რიგები ბილეთისთვის სტადიონზე მოხვედრის მოსურნე ჯიბის ქურდებით, საზარელი იმადგაცრუბისთვის რომ წირავდნენ ბილეთშეძენილ პატიოსან მოქალაქეებს  თუ მესხისტი ორბილეთიანები, რომლებიც საგანგებოდ ყიდულობდნენ ორ საშვს ორივე კარის უკან და ტაიმებს შორის გადაინაცვლებდნენ, იმის მიხედვით, თუ საით უტევდა მიშა მესხი – ზოგი ამბობს, ტყუილია ორი ბილეთის ამბავი, ერთსაც ძლივს იშოვიდი, უბრალოდ გადაჯგუფდებოდნენ და ერთ სკამს ორი იყოფდაო, მაგრამ ორივე ლეგენდა ლამაზია – ტყუილიც და მართალიც. არის ეს  ყიფიანის კისერზე გაყინული ბურთი თასების თასის ფინალში თუ გაბელიას მოულოდნელად გადაწერილი პირჯვარი გადამწყვეტი პენალტისას. არის ეს მიკერძოებული მსაჯის მოსაკლავად აზვირთებული  სამოციათასი გულშემატკივარი სტადიონზე, 1977 წლის 23 ივლისს,  ,,დინამოს" და ,,ზარიას" შეხვედრისას და ხალხის დასაშოშმინებლად მინდორზე გასული ცეკას პირველი მდივანი ედუარდ შევარდნაძე თუ 1981 წლის ტრიუმფი და ადამიანებით სავსე თბილისის ქუჩები, როცა მოსისხლე მტრებიც კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ულოცავდნენ. დემიკო ლოლაძის მოცახცახე ხელით გადაღებული საოცარი ფოტოები ამავე ფინალიდან თუ ერთი ფოტო, ქართული ფეხბურთის პატრიარქის, ანდრო ჟორდანიასი,  როცა სახურავგადახდილ მანქანაში ფეხზე მდგარი ისეთი ამაყი სიხარულით იმზირება, თითქოს,  ნოე ჟორდანიას ძმისშვილობის გამო,  ყოველწუთიერად თავს ბოლშევიკური ტერორის აჩრდილი არ დასტრიალდება. გენიალური ეროსი მანჯგალაძის მიერ წაყვანილი რადიო-რეპორტაჟები, რომელიც ცალკე, ტრაგი–კომიკურ მონო-სპექტაკლად ღირდა თუ გენიალურივე მწვრთნელის, ნოდარ ახალკაცის თითქოს აუღელვებელი სახე და იშვიათი ბოლთის ცემა გატანილი გოლებისას, თითქოს სიხარულის გამხელა ერიდებაო. არავინ იცის. ალბათ ყველა ერთად და ცალცალკე. 

თუმცა თუ ვინმე ერთი ისტორიის მოყოლას მომთხოვს, აუცილებლად პანტიანის მინდორზე მოვუთხრობ . ეს საქმე კი ასეთია:

 საბჭოთა კავშირში და მათ შორის, ცხადია, რომ საბჭოთა საქართველოში საერთაშორისო თამაშის ცქერა შეუძლებელი ამბავი იყო - ტელევიზიით მხოლოდ იმ მატჩებს გადასცემდნენ, სადაც ან საბჭოთა ნაკრები  თამაშობდა ანაც კავშირის რომელიმე კლუბი. სიახლეს მხოლოდ რადიოთი თუ მოკრავდნენ ყურს, ისიც იშვიათად იღბლიანები, ოთახის საგანგებოდ ნაპოვნ კუთხეში რომ იდგნენ,  წელში გაწყვეტამდე დაჭიმულ ანტენიანი მოწყობილობა ორივე ხელით ჭერისკენ აღემართათ და რადიო ამერიკის ხმის ან რადიო თავისუფლების ტალღების შრიალში არკვევდნენ, თუ როგორ ითამაშეს პლატინიმ და მარადონამ. მეორე დღეს  სიახლეები ვერის და მუშტაიდის ბაღებში ირჩეოდა - ეს იყო საბჭოთა თბილისის ორი აგორა ან ეგებ აგორაზე მეტიც. იკრიბებოდა ყველა - მწერალი და ხელოსანი,  პროფესორი და მეწაღე, ორატორი და სიტყვაძუნწი. ალბათ რა საოცარი მოსასმენია, ყვებოდე ფეხბურთის მატჩზე, რომელიც არც შენ არ გინახავს - დიკენსს თუ შეეძლო ამგვარი მონუსხვით საუბარი, როცა თავის ახალ რომანებს უკითხავდა შეკრებილ მკითხველებს და შეიძლება არც მას. ერთხელაც, ვერის ბაღში ხმა დაირხა, დასავლეთ უკრაინის უკიდურეს ქალაქში, უჟჰოროდში, რომელიც ზედ ევროპის საზღვარზეა, რაღაც სასწაულით შემოპარული სიგნალის წყალობით, პოლონურ არხზე ფეხბურთს უყურებენო და გამოჩნდნენ დიდებული, თავგანწირული მოგზაურები, რომლებიც 2548 კილომეტრს  დაუზარლად გაივლიდნენ რომელიმე მატჩის სანახავად. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ამ მოგზაურებს ხან უმართლებდათ და ხან არა - ზოგჯერ საბჭოთა დამხშობი იმ სუსტ ტალღასაც მიაგნებდა, მაგრამ თუ ცქერას მოახერხებდნენ, უკანა გზაზე მომავლებს, უდიდეს ბადნიერებად ყოფნიდათ მოსაყოლი დეტალების გონებაში დაწყობა.  მერე მანძილი შემოკლდა - ამბავი მოიტანეს, მეზობელ ქვაყანაში, ქალაქ ლენინაკში, ახლანდელ გიუმრში იჭეროს სიგნალი. ამას მოყვა მოულოდნელი სასწაული, ერთმა ბიჭმა თქვა, აქვე, ჩვენს სამშობლოში, თეთრიწყაროს რაიონში არის რაღაც დაწესებულება, სადაც ერთმა იქაურმა თანამშრომელმა თურქული არხი დაიჭირა და ჩემპიონთა თასის თამაშებს უყურებენო. დაიძრა დიდი არმია თბილისიდან და დაარტყეს ამ დაწესებულებას ალყა, როგორც დაუნდობელმა დამპყრობლებმა. ზოგი ღობეზე იყო ჩამოკიდებული, ზოგიც ფეხისწვერებზე იდგა და ასე უყურებდნენ ერთ პატარა ტელევიზორში დიდ მატჩებს ქართველები. ეს ამბებია და ვერის ბაღში შეკრებილმა ფიზიკოსებმა თქვეს - თუ თეთრიწყაროს წვდება ტალღები,  ანტენები გავაძლიეროთ და დედაქალაქშიც დავიჭერთო. ,,ანტენების გასაძლიერებლად’’ მათი გათვლით,  საჭირო იყო თითბერის და ალუმინის მილები, ასევე ჩვეულებრივი მინა და შემდეგ შესაბამისი, არცთუ მარტივი კომბინაცია. და შექმნეს ანტენა და დაიწყეს ძებნა. თბილისში ეს ძიება ამაო აღმოჩნდა, მაგრამ იხტიბარი არავის გაუტეხავს. გაცდნენ დედაქალაქს. მიდიოდნენ ნელ-ნელა, მანქანაში პატარა, აკუმულატორის მუხტის მყოფნ ტელევიზორით და ჯადოსნური ანტენით, ჩერდებოდნენ ყოველ კილომეტრში ერთხელ და არ იმჩნევდნენ იმედგაცრუებით გამოწვეულ გაწბილებას. თუმცა უცებ, როგორც დიდი სასწაულის პირველი ნიშანი - მკრთალი გამოსახულება გაჩნდა. მალე უკვე შესამჩნევი იყო - ეს ის თურქული არხია, რომელსაც თეთრიწყაროში მიაგნეს და ,,ევრიკა!’’ - თბილისის მახლობელ სოფელ პანტიანში, შემაღლებულ მდელოზე შენ შეგეძლო მისი უდიდებულესობა ფეხბურთი გენახა. პირველად უხმოდ უცქერდნენ, მერე ანტენები გააუმჯობესეს და მართალია თითქმის ყველასთვის უცხო ენაზე, მაგრამ მაინც კომენტატორის ემოციის თანხლებით ყურება მაინც სხვა საქმე გამოდგა.  მატჩის დღეს, მიდიოდა     მანქანების უზარმაზარი რიგი, მიდიოდა ფილოლოგი, ფილოსოფოსი და ფიზკულტურელი, ქიმიკოსი და მუსიკოსი,  მილიციელი და კრიმინალი, ასე განსაჯეთ - უშიშროების ოფიცრებიც კი, რომელთაც წესით უნდა აღეკვეთათ ეს უცნაური მსვლელობა. ტელევიზორი ან მანქანის სალონში იდგა ანაც საგანგებო კარვებში.იშლებოდა სუფრა. ირჩეოდა ფეხბურთი. სახინკლეც კი გაჩნდა მახლობლად და მოკლედ დიდებული კორპორაცია გაიშალა. საბჭოთა ტელევიზიით წაქცეული ფეხბურთელის ჩვენებასაც ერიდებობდნენ, არათუ იმას, რაც 1985 წლის 29 მაისს ნახა ყველა თბილისელმა, ლივერპული-იუვენტუსის ფინალი და ,,ეიზელის’’ სისხლიანი ტრაგედია.

  პანტიანის მინდორზე, ფეხბურთის ტელე-სიგნალთან ერთად, ქართველები წლების წინ უგზო-უკვლოდ გაფრენილ თავისუფლებასაც იჭერდნენ. შეულამაზებელს, ზუსტს და აუცილებელს. ეს იყო ამ ამბავის მთავარი მაგია და არსი. ეს არის ალბათ ფეხბურთის უმთავრესი ძალაც.

ჩემს ბავშობაში საბჭოთა კავშირი უკვე დანგრეული იყო, მაგრამ ფეხბურთის ყურება მაინც რთული საქმე გახლდათ. ჯერ ხომ ელექტროენერგიის უქონლობის გამო, დიდწილად ფეხბურთს უფრო ვკითხულობდით -  ,,სარბიელში’’ თუ სხვა რომელიმე გაზეთში. მომისმენია ტრანსლაცია ტელევიზორიდან, რომელსაც გამოსახულება აღარ ჰქონდა - ეს რადიო-რეპორტაჟს როდი ჰგავს - აბა, რა იცის კომენტატორმა, რომ სადღაც დასავლეთ საქართველოში, ზის ერთი ბიჭი და რასაც უნდა უყურებდეს, იმას აყურადებს. ჩემპიონთა ლიგის მატჩს პირველად ძალიან უცნაურად ვუყურე. მახსოვს ინტერი–მანჩესტერი იყო, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. ოზურგეთის ერთ სარდაფში აჩვენებდნენ ამ მატჩს და ერთი ლარი ღირდა ბილეთი. მე ფული არ მქონდა, ვიდექი შესასვლეში და შუშის კარში არეკლილ ტელევიზორს ვუყურებდი – ასე უკუღმა ვნახე ნიკოლა ვენტოლას და პოლ სქოულზის გოლები. მიცქერია ასეც  - ერთი ტელევიზორი აჩვენებდა და ხმა არ ჰქონდა, მეორე - ცუდად და ხმა ჰქონდა მაღალი. ჩავრთეთ ერთად და ერთში ვუყურებდით და მეორეში ვუმზერდით. სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში, ჩემს გარდა ყველა მღვდელია მაშინდელი მაყურებელი და თუ არ გჯერათ, მათ ჰკითხეთ -  არ მოგატყუებენ - ცოდვაა.

ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობაში ტელევიზორიც იყო, ელექტროენრგია გამოჩნდა და ინტერნეტიც წამოეწია. თურმე ფეხბურთს იდგა და ისე უყურებდა, თან მოძრაობებს აკეთებდა მცველის, ნახევერმცველის, თავდამსხმელის და ხან მეკარის მაგივრადაც კი. ბავშობიდანვე უცნაური ბიჭი გამოდგა ხვიჩა და რა გასაკვირია მისი არჩევანიც, რა ძალიან პიკანტური გემოვნება უნდა გქონდეს ადამიანს, ძალიან მაღალპროფესიული, რომ გალაქტიკოს ეპოქიდან  ზიდანს, ფიგუს, ბექჰემს, რაულს ან რონალდოს კი არ დაადო ხელი, არამედ გუტი გამოარჩიო. ძილის წინ ფილმების ნაცვლად, რჩეულ მომენტებს უცქერდა, იმახსოვრებდა, იზეპერებდა და მერე ალბათ სიზმარში იმეორებდა. დიდი და დიდებული იყო ეს სიზმრები – ნაწილი ახდა და ნაწილიც ხვალ ახდება, ოღონდ ამჯერად ხვიჩა იქნება იმ მაგიურ ყუთში, ფეხბურთს სხვანაირად  რომ აცოცხლებს, იმ მაგიურ ყუთში – ტელევიზორში", - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა