თებერვალში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 44.7%-ით შემცირდა, აშშ-დან და ისრაელიდან კი გაიზარდა - ეროვნული ბანკი
თებერვალში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 5.3%-ით დაიკლო და 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 2.0%-ით, 28.7 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლიურად ფულადი გზავნილების კლება მეტწილად რუსეთიდან გზავნილების შემცირებას უკავშირდება.
„თებერვალში რუსეთიდან გადმორიცხვები წლიურად 44.7%-ით, 30.3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა ზრდას განაგრძობდა 13.9%-ით – აშშ-დან და 6.4%-ით ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები. ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (43.9%), აშშ (18.8%) და რუსეთი (12.0%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.