თეგებით ძიება
30. 03. 2023 ბიზნესი

იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება - რას ამბობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი?

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ძნელაძის თქმით, საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, 2023 წელს იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ გაიზრდება.

„2020 წლიდან იყო ყველაზე მკვეთრი ცვლილებები განაკვეთებში, 2020 წლის ბოლოს მთლიან საკრედიტო პორტფელზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი იყო 10.22%, დღეს გვაქვს 12,20% ანუ 2%-ით არის მთლიანად გაზრდილი. რაც შეეხება იპოთეკურს, ზრდამ იგივე ჭრილში ოდნავ ნაკლები 1,8% შეადგინა, 7.82%-დან 9,68%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება განაკვეთებზე შემდგომ მოლოდინებს, 2023 წელს საპროცენტო განაკვეთები იზრდება და სავარაუდოდ, ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. წელს ეს არა მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე იქნება დამოკიდებული, არამედ 2024 წელს დაგეგმილ მკაცრ რეგულაციებზე, რომელიც აისახება დამატებითი კაპიტალის მობილიზაციაზე კომერციულ ბანკებში. ასევე მნიშვნელოვანია მოგების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც ესტონურ მოდელს აუქმებს, რაც ასევე მგონია, რომ იქონიებს გავლენას არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტზე, არამედ სხვა პროდუქტებზეც“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას, ძნელაძემ საცალო სექტორში დაკრედიტების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წელს ზრდა 9,29% იყო.

„უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი შეიძლება სამომხმარებლო სესხიც იყოს, რომელიც ცალკე რეგულაციის ნაწილია და უფრო მეტად იზრდება უკანასკნელ პერიოდში, ვიდრე იპოთეკური სესხების მთლიანი პორტფელი. 2020 წელი იყო გამონაკლისი, როდესაც ზრდა მინიმალური იყო. 2021-დან შეგვიძლია გამოვყოთ, რომ იპოთეკური პორტფელი მუდმივად მზარდია და ეს ტრენდი არ იცვლება. თუ კონკრეტული ბანკების შემთხვევაში ეს შეიძლება წლიურად იყოს 15%, მთლიან ჭრილში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლებია, უკანასკნელს რასაც ვუყურებდით 2022 წლის განმავლობაში 9.29% იყო ზრდის მაჩვენებელი ლარში, ნომინალში.

მოკრძალებულ ზრდას მხოლოდ საპროცენტო განაკვეთების ზრდას ვერ დავუკავშირებთ, რადგან 2021 წელს საკმაოდ მაღალი იყო აქტივობა უცხოური ვალუტის იპოთეკურ სესხებზე, 2022 წლიდან კი ვადა შემცირდა უცხოურ ვალუტაში 15-დან 10 წლამდე რაც ასევე მნიშვნელოვნად მეტი ბერკეტი იყო", - განაცხადა ძნელაძემ.

წყარო: Bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა