მეტროს გაფართოების პერსპექტივა - თბილისის მერიის ახალი გეგმა
თბილისის მეტროპოლიტენი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერიაა, რომელიც ყოველდღიურად ათასობით მგზავრს ემსახურება. მზარდი ურბანიზაციისა და ტრანსპორტზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, თბილისის მერიამ ახალი ამბიციური გეგმა წარმოადგინა, რომელიც მეტროს გაფართოებასა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მერიის პროექტის განხორციელება მეტროს ხაზებს 5,2 კმ-ით დააგრძელებს (გლდანის მიმართულებით 2,2 კმ, ხოლო ვარკეთილის — 3 კმ.). პროექტის ღირებულება 30 მილიონი დოლარია და ის 2026-27 წლებზე თანაბრად გადანაწილდება.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს სადგურების, სადგურის ვესტიბიულების, საესკალატორო გვირაბების, გადასარბენი გვირაბებისა და ჩიხების მოწყობა.
რა ღირს და რაზეა დამოკიდებული მეტროს სადგურების მშენებლობა?
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მეტროსადგურის მშენებლობის ხარჯი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ღირებულების გამოსათვლელად ერთი კონკრეტული მიდგომა არ არსებობს. ამ ფაქტორებს შორისაა შერჩეული ადგილის გეოლოგიური მდგომარეობა. კლდოვან მასივი გვირაბის გაყვანის ღირებულებას კიდევ უფრო მეტად აძვირებს, ხოლო სადგურების მიწის ზედაპირზე მოწყობა შედარებით უფრო იაფი ჯდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სადგურის დიზაინი, ტექნოლოგიები, ავტომატიზაციის სისტემა და ა. შ.
უცხოური მედიის მონაცემებით, მაგალითისთვის, ნიუ-იორკში Second Avenue Subway პროექტის ღირებულებამ, 4 სადგურისთვის 4,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო სადგურზე 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 2023 წლის მონაცემებით, ეს ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად მიიჩნევა და როგორც მაშინ Bloomberg-ი წერდა, მისი ფასი იტალიის, სტამბოლის, შვედეთის, პარიზის, ბერლინისა თუ ესპანეთის მეტროსადგურების მშენებლობის ღირებულებას 8-12-ჯერ აღემატება.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მიწისზედა სადგურების მოწყობის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი დოლარიდან იწყება. ყველაზე ძვირადღირებული ღრმა გვირაბების მშენებლობაა, რომელიც, დაახლოებით, 500 მილიონიდან და 1 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
თბილისის მეტროს წელს 59 წელი შეუსრულდება. პირველი მგზავრები მიწისქვეშა ტრანსპორტმა 6,5 კმ-იან მონაკვეთზე, დიდუბის სადგურიდან რუსთაველამდე 1966 წლის 11 იანვარს გადაიყვანა. მას შემდეგ მეტრომ დიდი გზა გაიარა. იყო საყოველთაო აღიარებაც, 90-იანი წლების უშუქობის პრობლემით გვირაბებში გაჭედილი მატარებლებიც და განახლებული, საქართველოს დროშით დამშვენებული ვაგონებით აღფრთოვანებაც.
მეტროს ორი — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს — ხაზი აქვს. 27,3 კილომეტრიან სალიანდაგო ხაზზე 23 სადგურია, მათგან ყველაზე ბოლო „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ექსპლუატაციაში 2017 წლის ოქტომბრიდან შევიდა. სადგურების უმრავლესობა მიწისქვეშაა, მხოლოდ 2 მათგანი „გოცირიძე“ და „დიდუბე“ ხვდება მიწის ზემოთ, ღია სივრცეში. ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძე 57 კილომეტრია, პირველი ხაზის – 40, მეორის კი – 17 კმ.
წყარო:um.ge