"იტალიური ეზო" იტალიური სულაც არ არის - გაიგე მეტი უნიკალური თბილისური ეზოების შესახებ
ძველი თბილისის წარმოდგენაზე ადამიანების დიდ ნაწილს ე.წ. იტალიური ეზოები ახსენდება. სოციალურ-კულტურული სივრცე, რომელშიც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ოჯახები თანაცხოვრობდნენ და სპეციფიკურ თბილისურ სტილს ქმნიდნენ.
"იტალიური ეზო" ქალაქური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა მას რეალურად იტალიასთან კავშირი არ აქვს და უფრო სწორია ვუწოდოთ "თბილისური ეზო". ტერმინი "იტალიური ეზო" კომუნისტურ ეპოქაში წარმოიშვა, როდესაც ხმაურიან და მრავალოჯახიან საცხოვრებლებს იტალიურს ამსგავსებდნენ, რაზეც გავლენა იმდროინდელ იტალიურ ფილმებს ჰქონდა.
სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, ტფილისში მოსახლეობის რაოდენობის ზრდამ გააჩინა ე.წ. მრავალბინიანი ეზოები, სადაც ერთ ეზოში 5-10 ან მეტიც კი, სხვადასხვა სოციალური ფენის ოჯახი თანაცხოვრობდა. ასეთმა თანაცხოვრებამ დროის განმავლობაში შექმნა განსაკუთრებული ეთიკური კოდი, ყოველდღიური ურთიერთობების კულტურა და ერთგვარი “ეზოს საზოგადოება”.
ასეთი ეზოებით სახლებს ხშირად მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მდიდარი ვაჭრები და მრეწველები აშენებდნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა ეჯობნა მეორისთვის სილამაზითა და სიმდიდრით, ამიტომ ძველი თბილისის ეზოები ამ დრომდე აოცებს ტურისტებსა და ადგილობრივებს თავისი უნიკალურობით.
თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული, ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია.
თბილისურ ეზოებში მის მცხოვრებთ საერთო თონეები ჰქონდათ, ძველად არც ჭები იყო უცხო და ისიც საერთო გახლდათ. თბილისური ეზოების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქალაქის განუმეორებელ არქიტექტურულ იერსახეს.