თეგებით ძიება
04. 04. 2023 ბიზნესი

როგორ განვითარდა ონლაინ შოპინგი წლების განმავლობაში და რა არის ამჟამინდელი ტენდენციები და გამოწვევები?

ინტერნეტმა თანამედროვე ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი შეცვალა და გააციფრულა, განსაკუთრებით ფუნდამენტური ცვლილება კი ვაჭრობის სფეროს შეეხო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ონლაინ შოპინგი ნიშური აქტივობიდან გადაიზარდა დომინანტურ ძალად მსოფლიო ეკონომიკაში. მიმდინარე ტენდენციებზე დაყრდნობით, სამომავლოდ მხოლოდ და მხოლოდ პროგრესი შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ. 

ონლაინ შოპინგს საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ინტერნეტის ადრეული დღეებიდანვე იწყება. სტატიაში განვიხილავთ ონლაინ შოპინგის განვითარებას და შევხედავთ გზას პირველი ონლაინ ტრანზაქციიდან ელექტრონული კომერციის გიგანტებამდე. ვისაუბრებთ ონლაინ შოპინგის მომავალზეც, ტექნოლოგიებსა და მომხმარებელთა ქცევის მოსალოდნელ ცვლილებებზე. 

ონლაინ შოპინგის დასაწყისი

ონლაინ შოპინგის საწყისებს 1970-იანი წლებში ვხვდებით, როდესაც ტექნოლოგიების მოყვარულებმა ექსპერიმენტების განხორციელება დაიწყეს. ექსპერიმენტების ფარგლებში კომპიუტერული ქსელების გამოყენებით საქონლის ყიდვა-გაყიდვას ცდილობდნენ. მიუხედავად ადრეული მცდელობებისა, ონლაინ შოპინგი მოგვიანებით,1990-იანი წლებში ხდება პოპულარული. 

პირველი ონლაინ მაღაზია 1992 წელს შექმნა წიგნის მაღაზიათა ქსელმა, Borders-მა. საიტის საშუალებით მომხმარებელს შეეძლო დაეთვალიერებინა და შეეკვეთა წიგნები ინტერნეტით. კომპანიის სახელს უკავშირდება ელ. წიგნების შექმნის პირველი მცდელობაც. 

სხვა კომპანიებმა მალევე მიბაძეს წიგნის ონლაინ მაღაზიას და, შედეგად, 1990-იანი წლების ბოლოს ონლაინ შოპინგი პოპულარული გზა გახდა სხვადასხვა დანიშნულების საქონლის შესაძენად, დაწყებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით, დამთავრებული სასურსათო პროდუქტებით. მიუხედავად პოპულარობისა, ონლაინ შოპინგის ადრეული დღეები სრულყოფილებისგან ძალიან შორს იყო, რაც მეტწილად ინტერნეტის დაბალი სიჩქარეს და გადახდის შეზღუდულ მეთოდებს უკავშირდებოდა. ამგვარი გაუმართავობები პროდუქტის შეძენის პროცესს არაკომფორტულს და შემაწუხებელს ხდიდა. 

ელკომერციის გიგანტების დაბადება

მიუხედავად ადრეული დაბრკოლებებისა, 2000-იან წლებში ონლაინ შოპინგი განვითარებას აგრძელებდა და ეტაპობრივად იხვეწებოდა. ათწლეულის ბოლოს კი ელკომერციის ყველაზე პოპულარული ბრენდები გამოჩნდნენ, რომლებიც დღესაც დომინირებენ ბაზარზე. 

ყველასთვის ცნობილი ამაზონი 1994 წელს დაარსდა და თავიდან არც მეტი, არც ნაკლები, წიგნის ონლაინ მაღაზია იყო. თავდაპირველი დანიშნულება მალევე გაფართოვდა და პროდუქტების ფართო სპექტრი მოიცვა. დღეს ამაზონი ყველაზე დიდი საცალო მოვაჭრეა მსოფლიოს მასშტაბით, მისი საინვესტიციო კაპიტალი 1.5 ტრილიონ დოლარზე მეტია და მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

ელექტრონული კომერციის უმსხვილესი წარმომადგენელია ალიბაბაც, რომელიც ძირითადად ჩინურ ბაზარზე დომინირებს. eBay-მ კი ონლაინ აუქციონებს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას მომხმარებელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც ამა თუ იმ უნიკალურ, ძნელად საპოვნელ ნივთებს ეძებენ. 

ონლაინ შოპინგის მიმდინარე გამოწვევები

უსაფრთხოება

ონლაინ შოპინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება თაღლითობისა და კიბერდანაშაულის რისკია. მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ მათი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია ხშირად დაცული არაა და თაღლითებისთვის მარტივად მოსაპოვებელია. საცალო მოვაჭრეებმა უფრო დიდი დრო და ფინანსები უნდა დაუთმონ უსაფრთხოების ზომების გაზრდას, რომლებიც კლიენტების მონაცემებს კიბერ-საფრთხეებისგან დაიცავს და უსაფრთხო ონლაინ შოპინგს უზრუნველყოფს. 

ნდობა

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ შოპინგი 1990-იანი წლების ბოლოდან ხდება პოპულარული, დღეს ბევრისთვის მაინც ახალი კონცეფციაა. ასეთი ადამიანების ნდობის მოპოვება უმთავრესი დაბრკოლებაა ბევრი ონლაინ მაღაზიისთვის. მომხმარებლებს ეშინიათ თაღლითების, ყალბი ვებსაიტებისა და საცალო მოვაჭრეების, რომლებიც თავიანთ დანაპირებს არ ასრულებენ. ბიზნესებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების ნდობა მოიპოვონ, ამისთვის კი ვებსაიტზე უნდა განათავსონ მკაფიო და კონკრეტული ინფორმაცია და გააუმჯობესონ კლიენტთა მომსახურების სერვისი. 

ტრანსპორტირება

ონლაინ შოპინგის კომფორტულობის მიუხედავად, ტრანსპორტირება და მიწოდება კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი, რომ გამოწერილ ნივთს სწრაფად და იაფად ჩაიბარებენ. საცალო მოვაჭრეებმა ძალიან ბევრი უნდა იშრომონ ლოჯისტიკის მიმართულებით, რომ ხსენებული მოლოდინები გაამართლონ. გარდა ამისა, ელკომერციის ზრდამ თავის მხრივ უარყოფითი გავლენაც იქონია მიწოდების სერვისსა და ინფრასტრუქტურაზე, რაც ხშირად შეფერხებების სახით ვლინდება. 

ონლაინ შოპინგის მომავალი

საინტერესოა, რა ელოდება ონლაინ შოპინგს მომავალში. ამჟამად ინდუსტრიის ყველაზე დიდი ტენდენცია არის მობილური კომერციის ზრდა: უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს სმარტფონებსა და პლანშეტებს სხვადასხვა ნივთის შესაძენად. ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს ელექტრონული კომერციის გაყიდვების თითქმის 75%-ს სწორედ სატელეფონო კომერცია შეადგენს. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია ხელოვნური ინტელექტის გამოჩენას უკავშირდება. ისევე, როგორც ცხოვრების სხვა მრავალ ასპექტში, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენება ონლაინ შოპინგის მიმართულებითაც დაიწყება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ონლაინ შოპინგი უფრო მეტად პერსონიზებული იქნება, ვიდრე აქამდე, რაშიც AI გადამწყვეტ როლს შეასრულებს მონაცემებისა და ქცევითი ანალიზის მიმართულებით. ონლაინ მოვაჭრეებს შეეძლებათ, ცალკეული შეთავაზებები ინდივიდუალურ მყიდველებზე მორგებული გახადონ და ამ გზით მომხმარებელს გაუადვილონ სასურველი პროდუქტის პოვნა და შეძენა. 

შეჯამება

ონლაინ შოპინგმა გრძელი გზა განვლო ნიშური აქტივობიდან გლობალურ ინდუსტრიამდე, რომელსაც დღეს ტრილიონობით დოლარის ღირებულება აქვს და ეკონომიკის ერთ-ერთ დომინანტურ ძალას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრია დღემდე ხვდება სხვადასხვა გამოწვევას, ის პოპულარობას არ კარგავს. როდესაც მომავალს ვუყურებით, ცხადია, რომ ონლაინ შოპინგი განვითარებას განაგრძობს, მობილური კომერციის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა მოწინავე ტექნოლოგიების ფონზე. მომხმარებლებისთვის ეს უფრო მეტ კომფორტს, არჩევანის მრავალფეროვნებასა და პერსონიზებულ შოპინგს ნიშნავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა