თეგებით ძიება

ზოგჯერ ღმერთი ადამიანს, გონებას განზრახ უბინდავს? - მამა გურამის საინტერესო მოსაზრება

ზოგჯერ ადამიანს უფალი ცხოვრებისეულ გამოცდას უწყობს, რადგან პიროვნების ჭეშმარიტი სახე დაინახოს.

„ძველ აღთქმაში“ აღწერილია, რომ, როდესაც მოსემ ეგვიპტის ფარაონს სთხოვა, გაეშვა ისინი, ფარაონი თავდაპირველად თანახმა იყო, თუმცა შემდეგ ღმერთმა მას დაუბნელა გონება, რის შედეგადაც არაერთი განსაცდელი დაატყდა თავს. 

„რატომ უბინდავს ღმერთი ადამიანს გონებას განზრახ“ - ამ თემასთან დაკავშირებით „თბილისელებს“ მამა გურამი (ოთხოზორია) საუბრობს. 

„მეფის გული ღმერთის ხელშია, როგორც წყლის ნაკადულები და საითაც უნდა, იქით მიაქცევსო... ფარაონზე კი წერია, ვისაც უნდა, გაასასტიკებსო; ხოლო, თუკი ღმერთზეა დამოკიდებული, რატომღა მოეთხოვება პასუხი ადამიანს და პავლე მოციქული ასე პასუხობს ამ კითხვას, შენ ვინ ხარ, ადამიანო, ღმერთს რომ ედავები, განა მექოთნეს არ შეუძლია, რომ ერთი და იმავე თიხისგან სხვადასხვა ქოთანი გამოძერწოს?! დიახ, თითქოს ისე ჩანს, რომ ღმერთი ადამიანებს გარედან თოჯინასავით ათამაშებს და თითქოს ადამიანის თავისუფალი ნება არაფერს ნიშნავს, მაგრამ, სინამდვილეში, ფარაონი არის ჩემი დაცემული ადამიანური ბუნება, ჩემი დაცემული მე, რომელიც ჩემზე ბატონობს, გამოეყო ღმერთს და ქმნის ჩაკეტილ სისტემას. ანუ ეგვიპტე ნიშნავს ადამიანური ბუნების იმ მდგომარეობას, რომელიც მთლიანადაა გამოყოფილი ვერტიკალისგან. ღვთაებრივისკენ კი არ მიდის, არამედ თავის თავში ქმნის ჩაკეტილ სისტემას – წრეს, რომელიც არსად მიდის. ამ სისტემაში იბადები, იზრდები, ბერდები და კვდები და კეთილდღეობაც ამ ცხოვრებაშია, სიკვდილით კი ისიც მთავრდება.

ეს არის ღმერთის გარეთ ცხოვრება, საზრისის გარეთ თავის დამკვიდრება, რის ბოლოც სიკვდილია. ფარაონს ებრაელები ჰყავს ტყვეობაში და მათგან თითქოს არანაირი საშიშროება არ მოდის, მაგრამ ებრაელები გამრავლდნენ და ეგვიპტემ იგრძნო ხიფათი. რა თქმა უნდა, ებრაელი არ არის ერის სიმბოლო, ისევე, როგორც არც ეგვიპტე და ეგვიპტელები არიან კონკრეტული სახელმწიფო და ერი. ეს არის სულის ორი მდგომარეობა, როგორც კაენი და აბელი. ეგვიპტე გამოხატავს ამ წუთისოფელში დრო-ჟამს დაქვემდებარებულ ერთ წრეზე ტრიალს, რაც არსად მიდის; ხოლო ებრაელი სულის ვერტიკალში სვლის, გარღვევის სიმბოლოა, ანუ ღმერთთან ურთიერთობის აღდგენისკენ სვლის ძალისხმევა ადამიანურ ბუნებაში, რომელიც ტყვეობაში ჰყავს აი, ამ მატერიალისტურ ბუნებასა და ცხოვრების წესს, რომელიც არსად მიდის, თავის თავში ტრიალებს და მისი ბოლო სიკვდილია, იმიტომ რომ იდეალები არ არის. ებრაელობა არის იდეალი, უკვე მისიის ადამიანი. შემთხვევითი არ არის, რომ, სანამ მოსე ფარაონს წარუდგება, ღმერთს ეკითხება, როგორ დავაჯერო ებრაელები და შემდეგ ფარაონი, რომ შენ წარმომგზავნეო და ღმერთმა უთხრა, კვერთხი დააგდეო.

მართლაც დააგდო მოსემ კვერთხი და კვერთხი გველად იქცა, შემდეგ მოჰკიდა ხელი კუდში, როგორც ღმერთმა უთხრა და გველი ისევ კვერთხად გადაიქცა. გველი არის წრე, რომელსაც ბოლოში აქვს კუდი, კვერთხი კი სწორია, ვერტიკალია, ანუ ამ წრის გარღვევისა და მიზნისკენ, ვერტიკალისკენ, ღმერთისკენ სვლის სიმბოლოა. საგულისხმოა ის, რომ ფარაონი მოსეს თავის წიაღში ზრდიდა. როგორც კი ებრაელები გამრავლდნენ ფარაონს მათი გაჟლეტა უნდოდა, ვინაიდან საშიშროება იგრძნო, რომ მისი სამეფო დაემხობოდა.

ეგვიპტე და ფარაონი ჩვენი ადამიანური ცხოვრების სიმბოლოებია, ჩვენც ხომ ჩვენს წიაღში ვატარებთ ღვთაებრივს, რაც უნდა ათეისტები ვიყოთ?! თითოეული ადამიანი ასეთ ორმაგობაში ცხოვრობს, მაგრამ რაღაც მომენტში ცხოვრებაში იწყება რყევები და ამ ფიზიკურმა წინააღმდეგობებმა უნდა დაგათმობინოს ყალბი მე. ღმერთის შიშით ფარაონმა შეიძლება, გაუშვას ებრაელები თავისუფლებისკენ, მაგრამ ეს იქნება ძალით გაკეთებული სიკეთე. მართლაც უშვებს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრებს და დაედევნება, თუმცა ზღვა შუაზე გაიპობა, ებრაელები გააღწევენ, ხოლო ფარაონი იღუპება. სულიერში რომ გადავიტანოთ, ზღვის გაპობა არის ადამიანის ახალ მდგომარეობაში გადასვლის სიმბოლო, ხოლო ზღვა არის ნათლობის წყლები, სადაც ეგო, ანუ ფარაონი კვდება. ანუ ფიზიკურად კი გამოვიდნენ ეგვიპტიდან, მაგრამ ფარაონი მათ უკან მიჰყვება და შემდეგ, როდესაც ფარაონი, ანუ მათი ხორციელი ბუნება კვდება, სული ახალ მდგომარეობაში გადადის.

ასე რომ, იქ აღწერილია ჩვენი სულის მდგომარეობა. ეგვიპტე და ფარაონი მიწიერი ცხოვრებაა, არსაით მიმავალი; ებრაელი არის რწმენა, რომელიც გარღვევას აკეთებს და მიდის მისიისკენ. მაგრამ მარტო ეგვიპტიდან გამოსვლა არ არის თავისუფლება, თავისუფლებაა ქანაანისკენ გადასვლა და მსხვერპლის შეწირვაა უდაბნოში. საქმე ისაა, რომ, როდესაც ადამიანი თავისუფლდება იმ მოდელებისგან, რაც მას ზღუდავდა, არანაირი აზრი არ აქვს ამ გამოთავისუფლებას, თუ მას უფრო ამაღლებული იდეალი არ აქვს, რისკენაც წავა. იდეალის გარეშე გათავისუფლების შემდეგ შეიძლება, ახალ მონობაში აღმოჩნდე. შესაბამისად, ასეთი გამოსვლა არაფრის მომტანია. ებრაელები გათავისუფლდნენ ეგვიპტისგან. მიწიერი ორბიტისგან, წელიწადის ოთხ დროში არსაით ტრიალისგან, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის და ქანაანში, ანუ ახალ მდგომარეობაში გადასულიყვნენ“,- ამბობს იგი.

როგორც მამა გურამი ამბობს, ეს ყველაფერი ზოგჯერ ჩვენს სასიკეთოდ ხდება. 

– საბოლოოდ, რაც ჩვენ დაბნელებად მიგვაჩნია, ის იქნება ყველაზე დიდი სიკეთე. წყვდიადსა და სიბნელეში რომ გვტოვებს ღმერთი და გვასასტიკებს, ამით, ჩვენს ეგოს რომ ეგონა, თვითონ მართავს სიტუაციას და თავადაა არსებობის ცენტრი, აი, ამას უდგება წყალი. ამით ადამიანს კი არ სჯის ღმერთი, არამედ მიუთითებს მისდა სასიკეთოდ, გონს მოსაგებად, რომ დეცენტრალიზაცია მოხდეს, რომ ეგოს მმართველობა შეირყეს, რომ ადამიანმა აღიაროს უფრო დიდი – ნამდვილი მე და არა ყალბი. ამიტომ ყოველი განსაცდელი, რაც ჩვენ ბოროტება გვგონია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დიდი სიკეთეა და განსხვავება ისაა, რომ, რასაც ვიგებ, სიკეთეს ვეძახი, რაც ჩემს გაგებას აღემატება – ბოროტებას, თუმცა თავის თავში ორივე სიკეთეა. ამდენად, განგება გულს იმისთვის გვისასტიკებს, რომ ჩვენი ვიწრო გადასახედიდან და მიწიერი ეგოს სისტემიდან გადაგვიყვანოს უფრო დიდ მდგომარეობაში. ნამდვილი სიკეთე ის არის, რომელიც ჩემი გადასახედიდან ერთბაშად სიკეთედ სულაც არ ჩანს, თუმცა ყველაფერი სიკეთეა, მაგრამ, სანამ გავიზრდები, მე მას ბოროტებად აღვიქვამ. ასე რომ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სასჯელს, ბოროტებას, სისასტიკეს, არის ჩემი რეაქციები ღმერთის შეხებაზე. ჩემს ეკრანზე ტყდება სასჯელად, ბოროტებად, სისასტიკედ და რატომ? იმიტომ რომ ნელ-ნელა გავასუფთაო ეს ეკრანი და ავმაღლდე იმ მრავალგვარობიდან, რომელიც საშინელება მეგონა. სამყაროს ქაოსიდან კოსმოსად ქცევის შუაგულში დგას ადამიანი: სამყარო მეძლევა, როგორც ქაოსი და ვიდრე კოსმოსამდე არ ავიყვან, მანამ მე ამას სახელად ვარქმევ ქაოსს, მაგრამ ეს ყველაფერი გადაილახება, როდესაც ადამიანი სრულად მოვა გონს და იობივით ერთი ერთზე გაჩუმდება თავისი შემოქმედის წინ, მიემსგავსება მას სიყვარულით და მამას უწოდებს, როგორც მაცხოვარი ამბობს, მე და მამა ერთნი ვართო...


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა