„მქონდა კითხვები, მაგრამ მშობლებს ან ღმერთს არასდროს არაფერში ვადანაშაულებდი“ - ლაზარე ლელაძე
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე, ლაზარე ლელაძე თავისი დიაგნოზისა და ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ ambebi.ge-სთან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
„ძალიან გამიმართლა და ისეთ გარემოში მოვხვდი, სადაც არავინ მაგრძნობინებდა, რომ მათგან განსხვავებული გარეგნობა მქონდა, მაგრამ უბნიდან რომ გავდიოდი, მერე ვამჩნევდი განსხვავებულ გამოხედვებს. ვცდილობდი, ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიმეტანა და პირიქით, ვფიქრობ ამან გამაძლიერა. ძირითადად, ჯანმრთელობის მხრივ ვაწყდებოდი პრობლემებს. ეს დაავადება სპეციფიკურია და მხედველობისა და სმენის დაქვეითებას იწვევს, ასევე სასუნთქი გზების პრობლემებს, კიდურების დეფორმირებას და ა.შ. პირადად მე, ბავშვობაში სმენასთან დაკავშირებული პრობლემა შემექმნა, ასევე - სასუნთქ გზებზე. მერე პერიოდულად წელის ტკივილიც მქონდა. ამანაც გაიარა, რადგან დამოუკიდებლად ბევრს ვვარჯიშობდი.
დედაჩემსა და მამაჩემს საკმაოდ ცნობილი ექიმი ჰყავდათ აყვანილი. ჯერ კიდევ მშობიარობამდე, ექოსკოპიაზე უთხრეს, რომ მოკლე კიდურები მექნებოდა და განსხვავებული დავიბადებოდი. ორი უფროსი ძმა მყავს, ისინი ჯანმრთელები არიან...
აქონდროპლაზიით დაავადებულების ნაწილს დაბადებიდან დეფორმირებული აქვს კიდურები, ზოგს მერე ეწყება, გარკვეულ ასაკში, როცა ორგანიზმი ფორმირდება. პირადად მე, ძალიან მცირე სირთულეები მქონდა, მაგრამ ზოგიერთს ისე ძალიან სტკივა კიდურები, რომ ამ ტკივილს ვერ უძლებს. ყველაფერი ინდივიდუალურია.
წამალი, რომელზეც ახლა საუბრობენ, ეხმარება მათ, ვისაც ზონები ჯერ არ აქვს დახურული. შეიძლება ამ წამალმა სიმაღლეში არ გაზარდოს, მაგრამ კიდურების სხვაგვარ ფორმირებას შეუშალოს ხელი და ჩვეულებრივი კიდურები ჰქონდეთ ამ ბავშვებს და მერე ტკივილიც არ შეაწუხებთ. აქონდროპლაზიის დროს ძვლების აღნაგობა, ძვლების სტრუქტურა არასტანდარტულადაა განვითარებული - ხრტილის ნაკლებობაა ძვლოვან სტრუქტურაში, რაც იწვევს კიდურების ზრდის ჩამორჩენას ტორსის ზრდასთან შედარებით. ასევე აქვს სხვა დამახასიათებლებიც, მაგალითად, თავის გარშემოწერილობა ნორმაზე დიდია, მკერდის გარშემოწერილობა - ნორმაზე პატარა და ა.შ...
სკოლის პერიოდი ძალიან კარგი იყო, არანაირი პრობლემა არ შემქმნია ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე. არ მქონია მომენტები, ვინმეს რამე ისე მიეთითებინა, რაღაცაზე გული დამწყვეტოდა და გულჩათხრობილი გავმხდარიყავი. პირიქით, ძალიან მეგობრული ურთიერთობა იგრძნობოდა. დღემდე კარგად მახსოვს ყველა, მასწავლებლიდან დაწყებული, მოსწავლეებით დამთავრებული. ფსიქოლოგის დახმარებაც არასოდეს დამჭირვებია და ამაში ჩემი ოჯახის დამსახურება დიდი იყო. გარემოცვა და ოჯახი დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. რაც უფრო მეტად გაამახვილებ ბავშვთან მის პრობლემაზე ყურადღებას და მიახვედრებ, რომ რაღაც სჭირთ, მით მეტად დაითრგუნებიან. ჩემი რჩევა იქნება მშობლებისადმი, ბავშვებს არ ესაუბრონ იმაზე, თითქოს ისინი ზედმეტად დაჩაგრულები არიან. არა, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, უბრალოდ, სხვებთან შედარებით - დაბლები. არ უნდა იფიქრონ, რომ ცხოვრებაში ვერაფერს შეძლებენ და ამ შემთხვევაში, არც საკუთარი თავის დამოუკიდებლად მოვლა გაუჭირდებათ და რეალიზებულებიც იქნებიან. მე უბრალოდ, განსხვავებული ვარ - მშობლების წყალობით, ეს ყოველთვის გაცნობიერებული მქონდა.
...საკუთარ თავთან მქონდა კითხვები: რატომ ვარ ასე და არა - ისე? მაგრამ მშობლებს, ცხოვრებას ან ღმერთს არასდროს არაფერში ვადანაშაულებდი. პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის იმის გამო, როგორიც ვარ და რაც მაქვს; მადლიერი ვარ მშობლების და ყველასი, ვინც მიმიღო ისეთი, როგორიც გახლავართ. განსხვავებული რომ ვიყავი, ამის გამო სახლში არანაირი პრივილეგია არ მქონია; როგორც ჩემი ძმები ისჯებოდნენ, ისე მტუქსავდნენ მეც. თუ რამე უხაროდა ჩემს ძმებს, მეც ისე მიხაროდა. როგორც ჩემი მეგობრები და სხვა დანარჩენი ბავშვები იქცეოდნენ, ისე ვიქცეოდი მეც. ღმერთის მადლობელი ვარ და მინდა სხვებსაც დავანახვო, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი, - ამბობს ინტერვიუში ლაზარე.