ქმრის მკვლელობაში გადახდილი 5000 დოლარი გადავიხადე - რას ამბობს ქალი ემოციური ჩვენებაში?
შპს "თბილისის ავტობუსის" გენერალური დირექტორის მოადგილე - გია წულაძე 2009 წლის 29 აპრილს, სახლთან ახლოს მოკლეს. ერთი წლის შემდეგ გაირკვა, რომ მისი მკვლელობა ცოლმა, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილმა შეუკვეთა.
მაშინ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებებიც გავრცელდა. ინგა წულაძესთან ერთად მისი მეორე შვილის მამა, გიორგი როსტომაშვილი დააკავეს. მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ ინგამ ბინა გაყიდა და საცხოვრებლად როსტომაშვილთან გადავიდა. მას დანაშაულის დაფარვაში ამხელდნენ. საქმე აღძრეს შუამავალ ზვიად საყვარელიძის, მკვლელობის უშუალო შემსრულებლის, ზურაბ სოლომნიშვილისა და წულაძეების ოჯახის მოსამსახურის - ელენე თუშიშვილის წინააღმდეგ.
ბრალდების მტკიცებით, ინგა წულაძე-ჯვარშეიშვილმა მეუღლის მკვლელობა მეგობარს, ზვიად საყვარელიძეს დაუკვეთა. საყვარელიძე დახმარებას დაჰპირდა, არც შემსრულებლის მოძებნა გასჭირვებია. მეგობარს შეუთანხმდა და ზურაბ სოლომნიშვილმა გია წულაძე საკუთარ სახლთან, გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
გამოძიების მტკიცებით, ოჯახის მოსამსახურე, ელენე თუშიშვილი შუამავალი იყო და ზვიადთან ინგასგან ინფორმაცია მიჰქონდა. ინგამ მეუღლის მკვლელობის მეორე დღეს, ელენეს ხელით საყვარელიძეს 3.000 ევრო გაუგზავნა... ზურაბ სოლომნიშვილს სხვა ბრალდებებიც ჰქონდა წარდგენილი: იარაღის უკანონო ტარება-შენახვა, ყაჩაღობის მცდელობა და ნარკოტიკის შენახვა.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა საქმე დეტალურად განიხილა. მართალია, საზოგადოებამ დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები მოისმინა, მაგრამ სასამართლოზე ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ. მხოლოდ ზვიად საყვარელიძე იხსენებდა დეტალებს და სხვებსაც ამხელდა. მისი ჩვენებით გაიხსნა აღნიშნული დანაშაული, ამიტომ პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
ინგა წულაძის ჩვენებიდან:
"18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი... გიამ დალევას მოუხშირა, ამისთვის თავი რომ დაენებებინა, შვილთან ერთად ესპანეთში წავედით... სიფხიზლეში კარგი ხასიათი ჰქონდა, როცა დალევდა, ცუდად ხდებოდა, ხილვებიც დაეწყო. მივხვდი, მასთან ვერ ვიცხოვრებდი და საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი. ამ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდა. მისი არსებობა ჩემმა ქმარმაც შეიტყო, მაგრამ შერიგება მაინც მთხოვა. ამ დროს დედა და ძმა გარდამეცვალა.
მეგობარი მამაკაცი მყავდა, გია როსტომაშვილი, მისგან უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ მაინც შევურიგდი ქმარს. გურანდა ერთი წლის იყო, როცა უფროსმა გოგომ გაიგო, ის სხვა კაცისგან რომ მყავდა... როცა ცუდად იყო, გია სახლიდან არ გადიოდა... ბავშვის გაზრდაში ელენე თუშიშვილი მეხმარებოდა. ზვიადი მან გამაცნო. იმ პერიოდში გია სულ სვამდა, ვთქვი, ვერ ვაჩერებ, მოკვდება, ისიც დაისვენებს და მეც-მეთქი. ერთ დღეს ზვიადმა სახლში პროდუქტი ამატანინა, კიბეზე რომ ჩადიოდა, მომაძახა, - იმ კაცს გერმანიიდან მანქანები ჩამოჰყავსო. ვერ მივხვდი, რას ამბობდა. მერე ეკამ მითხრა, - 5000 დოლარში გიას ვიღაც მოკლავსო. ვუთხარი, წადი და გადაეცი, ახლავე ბინა დაცალოს-მეთქი. ამ საუბრიდან ცოტა ხანში გია მოკლეს. მე მისი სიკვდილის დროს მართლა არ მითამაშია, ძალიან ცუდად ვიყავი. ეკა მოვიდა და მითხრა, - ზვიადმა შემოგითვალა, სისულელეები არ გინდა, ვინც გია მოკლა, იმას 40 ადამიანი ჰყავს მოკლული და ფული გამოგზავნეო. ვუთხარი, ფული სადაც იყო, - აიღე და მიუტანე-მეთქი. 3000 ევრო ელენემ მიუტანა... შემდეგ მანქანის გაყიდვაში დახმარება შემომთავაზა. მისი სამსახურის ხალხს მისი ვალი, 6 ათასი დოლარი დავუტოვე. მისი მეშინოდა და არაფერს ვამბობდი".
დაკავების დროს ინგა წულაძე მკვლელობის შეკვეთას აღიარებდა, მაგრამ სასამართლოზე ამ ჩვენებების გამოქვეყნებაზე კატეგორიული უარი თქვა: "მაშინ ძალიან ცუდად ვიყავი და არ მახსოვს, რა მიწერიაო".
ელენე თუშიშვილი დაკავების დროს ფეხმძიმედ იყო. შვილი ციხეში გააჩინა. ისიც არ ცნობს თავს დამნაშავედ:
"მშვიდი ოჯახი იყო. გია და ინგა ერთად დადიოდნენ სამსახურში. გია ძალიან კარგი ადამიანი იყო. სიმთვრალეში ცუდად ხდებოდა. ამ დალევით მხოლოდ საკუთარ თავს აყენებდა ზიანს. იყო მომენტები, როცა აზროვნების უნარს კარგავდა, თავის მოკვლაც სცადა. ასეთ დროს ინგა ახერხებდა მისთვის იარაღის გამორთმევას... ერთ დღეს ზვიადმა მითხრა, - ვხედავ, ინგა როგორ იტანჯება, მყავს მეგობარი, რომელიც ქმრის მოცილებაში დაეხმარებაო. ნორმალური არა ხარ-მეთქი, ძალიან შევშფოთდი და ინგას ვუთხარი. მასაც ასეთივე რეაქცია ჰქონდა. ამ თემაზე მერე არ გვისაუბრია, რეალობად არ აღმიქვამს. იმ დღეს გია სახლში დაბრუნდა, ყავა დალია და ინგა და მისი მეგობარი მაღაზიაში საყიდლებზე წაიყვანა... ინგა სახლში დაბრუნდა, მე ზვიადთან გადავედი. ეძინა, უკან გამოვბრუნდი, ამ დროს ეზოში ზვიადის მეგობარი შევიდა, მალევე გამოიქცა, ისევ შევბრუნდი ზვიადთან, უკვე ეღვიძა, შეშფოთებული სახე ჰქონდა... მალე გავიგე, გია რომ მოკლეს. ხალხი მოგროვდა, იქ ზვიადიც ვნახე. მითხრა, რომ ეს მისი გაკეთებული იყო და ინგას 5000 დოლარი უნდა გადაეხადა. ინგას ვუთხარი, თანხა მომცა და მე მივუტანე. ფული კონვერტში იდო... შეშინებული ვიყავი და საქართველოდან წასვლა მინდოდა".
არც ელენე დაეთანხმა ძველი ჩვენების გამოქვეყნებას.
"მეშინოდა და იმიტომ არ ვთქვი სიმართლე. ჩემს თავს იმაში ვადანაშაულებ, რომ არ ვთქვი, რაც მოხდა. ფულის გადაცემას კი ვადასტურებ".
მართალია, ბრალდებულები დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო. ინგა წულაძეს ქმრის მკვლელობის დაკვეთისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ელენე თუშიშვილს - 16 წელი, გიორგი როსტომაშვილს - 2 წელი და დანაშაულის დაფარვის ბრალდება მოუხსნეს.
2011 წელს ჟურნალმა „გზამ“ ქმრის მკვლელობით გასამართლებულ ქალთან ინტერვიუ ჩაწერა:
თამუნა 22 წლის იყო, როცა ქმრის განზრახ მკვლელობისთვის დააპატიმრეს. თავიდანვე დანაშაულს აღიარებდა და გულწრფელად ინანიებდა. მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და 6 წელი მიესაჯა. სასჯელი მოიხადა. იმ უმძიმესი წლების მიუხედავად, ამბობს, რომ ქმარი თავდავიწყებით უყვარდა.
თამუნა:
- მეუღლე ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. ციხიდან ახალი გამოსული იყო, რომ გავიცანი. დანახვისთანავე მომეწონა, ერთმანეთს ვხვდებოდით. ერთ დღეს სახლში მოვიდა და მამას უთხრა, - შენი გოგო ცოლად უნდა შევირთო, მიყვარსო. ჩემი ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან იცოდნენ, რომ რამდენჯერმე ნასამართლევი იყო, თან - ნარკომანი. არ უნდოდათ, მისი ცოლი გავმხდარიყავი. მისთვის მეხუთე ცოლი ვიყავი. ძალიან შემიყვარდა და მაინც გავყევი. ჩემთვის ეს მეორე ქორწინება იყო. არასრულწლოვანი ვიყავი, როცა ყოფილმა ქმარმა მომიტაცა. შვილი შეგვეძინა, მაგრამ მისი შეყვარება ვერ შევძელი. სულ ვჩხუბობდით, ფეხმძიმე მცემა და დავშორდი.
რაც მერე ცემა-ტყეპა მოვითმინე, იმის ნახევარი პირველ ქმართან რომ მომეთმინა, ოჯახი არ დამენგრეოდა, მაგრამ ის არ მიყვარდა. ოჯახის წევრები ვერაფერს გახდნენ და ჯვარი დავიწერეთ. თავისი ბინაც გაყიდა, ფული დასჭირდა და საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. ჩვენთვის ცალკე ოთახი გვქონდა და იქ ვცხოვრობდით. 2 კვირის გათხოვილი ვიყავი, წიხლები მირტყა. წამალს იკეთებდა. ვუთხარი, - შენ თუ გაიკეთებ, იცოდე, მეც გავიკეთებ-მეთქი და გაგიჟდა, პირველად მაშინ დამარტყა... ამის შემდეგ კარგა ხანს წამალს არ გაჰკარებია. Mმერე ისევ დაიწყო. მთვრალი უმიზეზოდ მეჩხუბებოდა, მცემდა. მეორე დილით დალურჯებულს რომ მნახავდა, მკითხავდა, - წუხელ რატომ გცემეო? მეორე დღეს სიყვარულს მეფიცებოდა, - ასე არასოდეს მოგექცევი, შენი დაკარგვის მეშინიაო. არაერთხელ დავშორდი, მაგრამ ისევ ვრიგდებოდით. თავიდან მშობლებს ვუმალავდი, რადგან ჩემი არჩევანი იყო. ბევრჯერ მთხოვეს, მასთან არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ მაინც ვბრუნდებოდი.
ძალიან მიყვარდა, სასიკვდილოდ ვერასოდეს გავიმეტებდი... ახალი შერიგებულები ვიყავით. ქუჩაში საშინლად ციოდა და ვუთხარი, - ცოტა ჩქარა ვიაროთ-მეთქი. ამ სიტყვების გამო ქუჩაში დამიწყო ცემა, მოკვლით დამემუქრა და მლანძღავდა. სახლამდე ცოტა მანძილი იყო, ხელიდან დავუსხლტდი და გავიქეცი. მეზობლებმაც დაინახეს და დაწყნარება დაუწყეს. უცებ, მეზობლის ხმა შემომესმა, - ჩქარა გაიქეცი, მოგკლავსო. სანამ გავიქცეოდი, ქვა ვესროლე, ასე ვცდილობდი მოცილებას. ბევრი ვირბინე, მეგონა, ვერ დამეწეოდა, მაგრამ უცებ ჩემ წინ აღმოჩნდა. გული წამივიდა, გონზე რომ მოვედი, სახეში მირტყამდა და იძახდა, - შენი "სიაფანდი" დედა, ხომ არ გგონია დავიჯერებ, რომ გული წაგივიდაო. მისი თვა¬ლებიდან ამოვიკითხე, რომ მომკლავდა. კისერში ხელი წამიჭირა, მახრჩობდა, ვეღარ ვუძალიანდებოდი. მეზობლები შორიდან გვი¬ყუ¬რებდნენ.
გავექეცი და ეზოში შევედი. დიდი ქვა ავიღე და ვესროლე, თავში მოხვდა. იმდენად იყო წამლისგან გაბ-რუებული, რომ ტკივილი არ უგრძნია. ისევ ჩემკენ წამოვიდა, სახლიდან ბაბუა გამოვარდა დასახმარებლად. ისიც წააქცია. ისევ მე მომიტრიალდა და იდაყვი ზურგში ძლიერ ჩამარტყა... წავიქეცი, მაინც ვეხვეწებოდი, მეტი აღარ დაერტყა. ადგომას ვეღარ ვახერხებდი. ამ დროს იქვე წვეტიანი რკინა დავინახე, ავიღე, მოვტრიალდი და მისგან თავი რომ დამეცვა, ჩავარტყი.. მივხვდი, რომ სხეულში ჰქონდა ჩარჭობილი... შემდეგ მისი სხეულიდან ეს რკინა ამოვიღე, მის წინ ვიდექი. ირონიულად მკითხა, - შენ ხარო? მეც ირონიულად ვუპასუხე. ამას ვერ იტანდა, რაღაცის თქმა დააპირა და პირიდან სისხლი წამოუვიდა, მაშინ მივხვდი, რაც ჩავიდინე და კივილი დავიწყე. ამ ამბის შემდეგ პატრულს და სასწრაფოს დავურეკე, მისი გადარჩენის იმედი მქონდა, მაგრამ ცოცხალი აღარ იყო.
პატრულის მოსვლამდე დიდი დანა ავიღე და თავის მოკვლა ვცადე, მაგრამ ამის ნება სხვებმა არ მომცეს... ყველაფერი ვაღიარე. მართალია, ეს განზრახ მკვლელობა არ იყო, მაგრამ ამ მუხლით გამასამართლეს. მისი სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა. მერჩივნა, მე მოვმკვდარიყავი, თავს ვიცავდი. წარმოიდგინეთ, სულ მცემდა, მაგრამ ისე მიყვარდა, რომ მეორე დღეს აღარ მახსოვდა მისი ცემა. ჩემს შვილს ძალიან კარგად ექცეოდა, ისე გარდაიცვალა, რომ ბავშვმა არ იცოდა, მისი ნამდვილი მამა რომ არ იყო. ის პირველი ქორწინებიდან მყავს.
ბავშვი ციხეში პირველად რომ მომიყვანეს, მითხრა, მამის მოკვლას არასოდეს გაპატიებო... მკვლელობის საშინელი წუთები სულ თვალწინ მიტრიალებდა, ვერაფრით ვიშორებდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ცოლად ისევ მას გავყვებოდი, რადგან ძლიერ მიყვარდა. ჩვენ შორის თუ სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა, საკუთარ თავს გავწირავდი... ძალიან ვნანობ, რაც მოხდა. ასეთ დროს სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ადამიანი განიცდის...