საქართველო იმპორტირებულ ფქვილზე 200-ლარიან გადასახადს დააწესებს - რა ინფორმაცია ვრცელდება?
საქართველოს მთავრობა იმპორტირებულ ფქვილზე დროებით გადასახადს აწესებს.
დარგი იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის დაწესებას 2021 წლის შემდეგ ითხოვს. საკითხი ეხება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი.
საქართველოში არარენტაბელური გახდა ფქვილის წარმოება, რადგან ხორბლისგან განსხვავებით ბოლო 2 წელია საექსპორტო ბაჟი არ მოქმედებს ფქვილზე. როგორც ჩანს, მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტი გახდა მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ მთავრობა ბიზნესს ფქვილის იმპორტის შემზღუდავი მექანიზმის შემოღებას დათანხმდა, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრმა bm.ge-კითხვაზე პასუხად დღეს განაცხადა, რომ პრობლემები მიმდინარე წლის გაზაფხულამდე დღის წესრიგში არ იდგა.
როგორც ირკვევა, ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესების პირობებში წისქვილები ვალდებულნი იქნებიან კონკრეტულ ფასად შეისყიდონ ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალი და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან პურის გაძვირება არ გამოიწვიოს.
"წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, 53 ლარზე მეტ ფასად ერთი ტომარა ფქვილი არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე პურის ქარხნებისათვის. მეორე პარამეტრია, რომელიც მიმართულია ადგილობრივი ხორბლის ძველი მოსავლის მიღებაზე. ეს არის დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში 1 კილოგრამი ხორბლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ.
რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე შესაძლებელია უკვე მუშაობა, რადგან ჩვენ გვინდა თუ არა ახლომდებარე რუსეთია და იქიდან მოდის მარტო ხორბალი, შესაბამისად ამ ორი ვალდებულების შედეგად, საშუალება გვაქვს, რომ გათანაბრდეს ამ დადგენილებით ხორბლის და ფქვილის იმპორტის გადასახადი, რაც შესაძლებლობას აძლევს წისქვილკომბინატებს იმუშაონ.
მთელი ამ ხნის განმავლობაში 2021 წლიდან დღემდე გაჩერებული იყო 80-მდე წისქვილი, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე. ეს გადაწყვეტილება, რომ არ ყოფილიყო მიღებული საშიშროების წინაშე ვიდექით, რომ დარგი შეიძლება უკვე გადაწყობილიყო მთლიანად იმპორტზე“, - აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა.
წყარო - BM.GE