თეგებით ძიება

"SOS! გთხოვთ, დამეხმარეთ! ჩემს შვილს პედაგოგი აბულინგებს, ლანძღავს, ცილს სწამებს, ატერორებს" - რა ხდება ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლაში?

ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ნანა რუხაია მასწავლებლის მიერ მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.

მოგმართავთ ყველას: ჟურნალისტებს,არასამთავრობო ორგანიზაციებს, განათლების სამინისტროს,რესურსცენტრს! ყველას,ვისაც ეხება ან დახმარება შეუძლია!

მოგმართავთ ქ. ქუთაისის გალაკტიონ ტაბიძის მე-6 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლის მშობელი: ჩემს შვილს ავიწროებენ. სკოლის მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი აბულინგებს, ლანძღავს, ცილს სწამებს, ფსიქოლოგიურად ატერორებს. მასზე განხორციელებული ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ბავშვს დასჭირდა და დაენიშნა ფსიქოლოგი, თუმცა, როგორც მეუბნებიან, ფსიქოლოგთა არასაკმარისი რაოდენობის გამო ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ბავშვთან მუშაობა.

ჩემს არასრულწლოვან შვილზე ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც სკოლის მუსიკისა და ისტორიის ორ პედაგოგს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ჩემი შვილი დაპირისპირების ფაქტის რეალურად აღწერის გამო, თავისდაუნებურად ისტორიის მასწავლებლის მხარეს აღმოჩნდა, რამაც განარისხა მუსიკის პედაგოგი.

მე მივმართე სკოლის დირექციას, რესურსცენტრს, სოციალურ სამსახურს, რის შემდეგაც, თითქოს სიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სამი წევრისგან (1 პედაგოგი,1 მშობელი,1 მოსწავლე) შემდგარმა სასკოლო საბჭომ გაამართლა მუსიკის მასწავლებელი, მან ახალი ძალით დაიწყო ჩემი შვილის დაბულინგება.

მასწავლებელი გაამართლეს სწორედ სასწავლო წლის ბოლოს, რომ ჩვენ არ შეგვძლებოდა რეაგირება.

აქამდე არასდროს მქონია მსგავსი შემთხვევა, ახლაც ხელები მიკანკალებს წერისას. ჩემი შვილი კი არა, მეც ვგრძნობ თავს დაუცველად. ოჯახის  არცერთ წევრს ღაამეები არ გვძინავს, რადგან რთულდება ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა; გამუდმებით ტირის, სკოლაში წარჩინებულ, სამაგალითო და საუკეთესო მოსწავლეს, სკოლაში სიარული აღარ უნდა.

იმის ნაცვლად, რომ ფსიქოლოგიურად მოძალადე მასწავლებლისთვის საყვედური მაინც ეთქვათ, ან რაიმე ზომისთვის მიემართათ, იგი გაამართლეს და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი დამნაშავედ გამოიყვანეს, თითქოს იგი აზვიადებდა არსებულ სიტუაციას. თანაკლასელებს მშობლებითურთ ეშინიათ მისი მხარდაჭერა და ცდილობენ, მასწავლებელს არ აწყენინონ, რადგან ყველას საკუთარი თავის გადარჩენა სურს. მხოლოდ რამდენიმე მშობელი მიჭერს ღიად მხარს. გამართლების შემდეგ მუსიკის პედაგოგი ჩემთანაც შეტევაზე გადმოვიდა, შეურაცხყოფას მაყენებს: რომ მე ვარ "გაუნათლებელი, არაპროგრესულად მოაზროვნე, უღირსი დედა" და თავად "სხვა ლეველზეა". როგორც თავად ამბობს, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში, ბევრი ჟურნალისტი მეგობარი ჰყავს და "რამდენიც არ უნდა ვირბინო, ფეხებსაც ვერ მოვჭამ". მითხრა, რომ "ბავშვზე ფიზიკური ძალადობა სულაც არ სჭირდება, რადგან მის დასამცირებლად და დასამორჩილებლად ბევრი ფსიქოლოგიური ხერხი იცის" და ამით ამაყობდა ჩემთან პირად საუბარში.

ამას ისიც ემატება, რომ სკოლაში არასრულწლოვანი ბავშვი ისე დაკითხეს, რომ მე მშობელმა არაფერი ვიცოდი და გააფრთხილეს, რომ სახლში არაფერი ეთქვა და რომ თვითონ, ოჯახისგან მალულად მოაგვარებდნენ ყველაფერს.

ჩემი შვილი სასოწარკვეთილია. 

დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ბავშვთა უფლებების დაცვაზე მთელი რიგი ორგანიზაციები მუშაობენ, ჩემი შვილის უფლებები სასტიკად ირღვევა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი შვილის უფლებები დავიცვა!", - წერს რუხაია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა