თეგებით ძიება

დედამიწის თერმოსფერო რეკორდულად გაცხელდა - რა საფრთხეა მოსალოდნელი?

უცხოური მედიის ცნობით, დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, რომელსაც თერმოსფერო ეწოდება, 20-წლიანი პერიოდის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც, მეცნიერთა თქმით, გეომაგნიტურ შტორმებს უკავშირდება.

თერმოსფერო ეგზოსფეროსა და მეზოსფეროს შორისაა მოქცეული. ის ხმელეთიდან დაახლოებით 85 კილომეტრ სიმაღლეზე იწყება და 600 კილომეტრამდე მანძილზე ვრცელდება. 21 წელზე მეტია, მკვლევრები მის ტემპერატურას ინფრაწითელი რადიაციის მიხედვით ზომავენ, რომელსაც ნახშირორჟანგისა და აზოტის ოქსიდის მოლეკულები გამოყოფს.

ხელოვნურ თანამგზავრ TIMED-ის მონაცემები მათ თერმოსფეროს კლიმატის ინდექსში გადაჰყავთ, რომელიც ტერავატებში იზომება (1 ტერავატი=1 ტრილიონი ვატი). 10 მარტს უმაღლესი მაჩვენებელი, 0.24 ტერავატი დაფიქსირდა, რომლის მსგავს ნიშნულსაც ხსენებულმა კლიმატის ინდექსმა ბოლოს 2003 წლის 28 დეკემბერს მიაღწია.

ეს იანვარსა და თებერვალში მომხდარი გეომაგნიტური შტორმების შედეგია, რომლებსაც მზის მძლავრი ამოფრქვევები იწვევს. ასეთი შტორმების ენერგია სწორედ თერმოსფეროში გროვდება და მის გაცხელებას განაპირობებს. პარალელურად იმატებს ინფრაწითელი გამოსხივებაც.

10 მარტის შემდეგ დედამიწას კიდევ 2 მძლავრი გეომაგნიტური შტორმი დაატყდა თავს, რამაც თერმოსფეროში მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. იქიდან გამომდინარე, რომ მზე 11-წლიანი ციკლის განმავლობაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ასეთი მოვლენები უფრო და უფრო ხშირად განმეორდება.

აღსანიშნავია, რომ როცა თერმოსფერო ცხელდება, ის ფართოვდება. ეს ხელოვნურ თანამგზავრებს საფრთხეს უქმნის, რადგან აეროდინამიკური მიზიდულობა იმატებს და შესაძლოა, ზონდები ერთმანეთს შეეჯახოს. ამის თავიდან ასაცილებლად, აპარატები უფრო მაღალ ორბიტებზე უნდა განთავსდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა