დღეს რობერტ სტურუას დაბადების დღეა
რეჟისორი, რობერტ სტურუა დღეს 85 წლის გახდა.
როვერტ სტურუა 1938 წლის 31 ივლისს დაიბადა, თბილისში. მამამისი - ასევე რობერტ სტურუა, ცნობილი მხატვარი იყო, მისი ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი.
რობერტ სტურუამ 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). რუსთაველის თეატრში 1963 წელს მოვიდა. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, ხოლო 1980-2011 წლებში მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. დღეს იგი თეატრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. რეჟისორი ძალიან კარგად ხატავს, უკრავს ჯაზს, წერს პიესებს.
პირველი წარმატება რეჟისორს არტურ მილერის „სეილემის პროცესის” დადგმამ მოუტანა (1965 წ). მოგვიანებით სტურუამ თქვა კიდეც: „ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რეჟისურამდე მივედი". თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში — დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თემურ ჩხეიძესთან ერთად დადგა. დიდი წარმატება მოჰყვა აგრეთვე სპექტაკლს „ხანუმა“.
70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე ცნობილი სპექტაკლები: პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე”, რომელმაც ყველა უკვე „სტურუას თეატრის” განსაკუთრებულ მოდელზე აალაპარაკა; ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” – სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში „XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები” და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება.
რობერტ სტურუა ცნობილია, როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი”. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. ლონდონის „რივერსაიდ სტუდიაში’’ დადგმული „ჰამლეტი” (1986) მთავარ როლში ალან რიკმანით შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური „ჰამლეტის” ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, „დრომ მოიტანა”, ისევე, როგორც მკაცრი და დინამიური „მაკბეტი” (1995), ან „როგორც გენებოთ, ანუ შობის მეთორმეტე ღამე” (2002) თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.
980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი ქალისთვის“ (1980), მიხეილ შატროვის „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980). 90-იანი წლების სპექტაკლებში კი აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი, ასეთებია: კალდერონის “ცხოვრება სიზმარია” (1992), ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამინი” (1993), „იაკობის სახარება” (1995).
1997 წელს ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს მოსკოვის თეატრ „სატირიკონში“ დაიდგა სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა კონსტანტინ რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში ET CETERA იდგმება „შეილოკი“ (შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).
21-ე საუკუნეში შექმნილ სპექტაკლებში რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია „სტიქსი” (2002), „ჰამლეტის” ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ბეკეტის „გოდოს მოლოდინში” (2002).
რობერს სტურუას მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია:
• სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1979)
• რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია (2000)
• საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996)
• კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976)
• შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981)
• მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997)
• ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის პრემია (1999)
• ჩაპლინ-კლუბის პრემია (1998)
• საქართველოს ღირსების ორდენი (1998)
საერთაშორისო პრემიები:
• ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია (1975)
• ინგლისური კრიტიკის პრემია (1980)
• იტალიური კრიტიკის პრემია (1981)
• არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988)
• რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია — "პრეზიდენტის ოქროს მედალი" (1998)
• "თოლია", ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის (მოსკოვი, 1998)
• ფესტივალ "ბალტიური სახლის" მთავარი პრემია (1998)