მანქანებიანი სამზითვო სახლი და მისი საოცარი ისტორია
რუსთაველის N54-ში მდებარეობს საცხოვრებელი სახლი, რომლის მსგავსს ბევრიც რომ ეძებოთ, ვერსად ნახავთ.
სახლი 1897 წელს, იმ დროისათვის საქართველოში მოღვაწე რუსი არქიტექტორის, კორნელი ტატიშჩევის პროექტით აიგო. მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი და უხვად დეკორირებული, ორიარუსიანი ხის ჭვირული აივანი ამშვენებს. შენობას თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი აქვს: მოხატული სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნით და ალაყაფის ჭიშკარი.
შენობა რუსეთში ოქროს საბადოების, საქართველოში კი მიწის ნაკვეთების მფლობელს, ცნობილ იურისტსა და კომერსანტს ვასილ გაბაშვილს ეკუთვნოდა. გაბაშვილის 6 შვილიდან ერთ-ერთი, დარო გაბაშვილი მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ცოლად ღარიბი გლეხის შვილს -ნიკოლოზ ყიფშიძეს გაჰყვა. ქალს სამზითვოდ ცისფერმაქმანებიანი სახლი ერგო, სადაც ქმართან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა.
ახალდაქორწინებულების ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა - ქვეყანაში ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა და გაბაშვილებს სახლები და მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს. საბოლოოდ, მთელი ოჯახი საცხოვრებლად ცისფერ მაქმანებიან სახლში გადავიდა, მაგრამ რაც მთავარია ოჯახს რეპრესიები არ შეეხო. ამბობენ, რომ ეს სწორედ „უგვარო“ სიძის, ნიკოლოზ ყიფშიძის დამსახურებით მოხდა, რომელმაც 1914 წელს პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო აკადემია დაამთავრა და სამხედრო ექიმი გახდა. მოგვიანებით კომერსანტის სიძე იოსებ სტალინის პირადი ექიმი გახდა და მის დედასაც მკურნალობდა…
ამჟამად, მაქმანებიან სახლში ნიკოლოზ ყიფშიძის შთამომავლები ცხოვრობენ, რომლებმაც იქ მცხოვრები ოჯახებისგან ფართის სათითაოდ გამოსყიდვა, სახლის საკუთრებბაში დაბრუნება და მისი რესტავრაცია შეძლეს.
ფოტო: ფეისბუქის გვერდი „თბილისური სახლების ისტორია“