თეგებით ძიება

სახლიდან პურის ნატეხებს ვიპარავდი და მასთან მიმქონდა... - რას იხსენებს მედეა ლორთქიფანიძე?

ხელოვანების ოჯახში გაიზარდა, მკაცრი მშობლებისა და ბებიების წყალობით მსახიობობაზე სიტყვა არ დასცდენია.

პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ აიხდინა ოცნება და მუშაობა სასოფლო ინსტიტუტის „სახალხო თეატრში“ დაიწყო. ნანობს, რომ თეატრალურში არ ჩააბარა, თუმცა ბედნიერია, რომ დღეს ქუჩაში ცნობენ, ეფერებიან, თბილი სიტყვებით ანებივრებენ.

დღეს მედეა ლორთქიფანიძის ცხოვრების გზას გავუყევით და მისი ცხოვრებიდან ძალიან ბევრი აქამდე უცნობი დეტალი შევიტყვეთ. ასე რომ, წინ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გელით.

ცხენოსანი პოლონელი ბებია– 1938 წელს დავიბადე, ფოთში, ხელოვნების მუშაკთა ოჯახში. საკმაოდ მოხუცი ვარ, მაგრამ თავს მაინც ახალგაზრდად ვგრძნობ. ხომ იცით, გული არ ბერდება. მამაჩემი, თეიმურაზ ლორთქიფანიძე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, დედა, თამარა პაკლოვსკაია – მსახიობი. დედა პოლონელი იყო, მაგრამ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ახლა გიამბობთ, როგორ მოხვდა დედა საქართველოში. ბებია რომ გიმნაზიაში სწავლობდა, გორში ცხოვრობდნენ. ზედა სართულზე ისინი ცხოვრობდნენ და ქვედა სართულზე – სტალინის დედა თავის ქმართან ერთად. დიდი მიწისძვრის შემდეგ, გორში, ბებიაჩემმა, სხვა ნივთებთან ერთად, თავისი ქალიშვილობის ფოტოებიც დაკარგა. ბებიაჩემის დის ქმარი სკოლის დირექტორი იყო, ცოლი -მასწავლებელი. მათთან სტუმრად წასულა ბებია, რომელიც ცხენოსანი იყო. ბაბუაჩემს თურმე ძალიან უყვარდა მოგზაურობა, არ ვიცი პოლიტიკოსი იყო, მოგზავნილი, თუ ვინ, მაგრამ საკუთარი სალონ-ვაგონით დადიოდა ყველა ქვეყანაში. საქართველოშიც ჩამოვიდა და როგორც საპატიო სტუმარი, სკოლის დირექტორს მიუყვანეს სახლში. ამ დროს ბებიაჩემმა ცხენი შემოაგელვა და დაადგა თვალი პეტრემ. ბებიაჩემს უთქვამს, შენ, რამდენ ქალაქშიც დადიხარ, ყველგან ცოლს თხოულობ ალბათო და უარით გაისტუმრა. ჩავიდა პეტრე პოლონეთში და იქიდან წერილებსა და ლექსებს სწერდა ბებიაჩემს. ვერ გაძლო და ისევ დაბრუნდა საქართველოში. შეუჩნდნენ ბებიაჩემს ახლობლები, კარგი კაცია, ერთი წელია უყვარხარო და გაჰყვა ბებია პეტრეს. ახლა ერთად დაიწყეს მოგზაურობა. მოიარეს საფრანგეთი, სპარსეთი. მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, თითქმის მთელი ევროპა შემოვლილი მაქვს, ინდოეთშიც ვიყავი, რუსეთის ყველა ქალაქში ვარ ნამყოფი. საქართველოში რომ დაბრუნდა, ბებია ფეხმძიმედ იყო. აქ იმშობიარა. მის მერე ბაბუა გაქრა. დაიჭირეს, მოკლეს თუ რა ბედი ეწია, არავინ იცის. ასე მოხვდა დედა თბილისში.

– ბებიის დარიგებებიდან რა გახსოვთ ყველაზე კარგად?

– მხრებში გაიშალეო, მეტყოდა ხოლმე. მოკუზული ჯდომა, ამხელა ქალი ვარ და დღესაც არ შემიძლია, მისი წყალობით სულ გაჭიმული დავდივარ და ვზივარ…

   

ნათლობა ჩუმად და საძულველი ნათესავი „ილიჩი“

ნათესაობაში ძალიან ბევრი ხელოვნების მუშაკი მყავს. ჩემი ნათლია იყო მედეა ჯაფარიძე, მიშა კოსტავა. მაშინ ეკლესიაში ჩუმად დადიოდნენ. მეც ჩუმად მომნათლეს, სოფელში. სანამ მამას ქუთაისში გადმოიყვანდნენ, ფოთში ვიზრდებოდი. ჩემს სახლში იკრიბებოდნენ ხელოვნების მუშაკები. გული მწდება, რომ დაკარგულია კომპოზიტორი, გიორგი ჩუბინიშვილი, რომელმაც დაწერა სიმღერები: „თვალები რად გიციმციმებს“, „ქალო გნახე ფეხშიშველი“. ეკა მამალაძის გოგო მღერის ამ სიმღერას და არსად არ არის ნახსენები კომპოზიტორი. მთელი მისი შემოქმედება ჩემს სახლში იქმნებოდა. გიორგის ომის პერიოდში ფეხი მოაჭრეს, უსიამოვნება მოსვლია დასთან და ჩვენთან ჩამოვიდა. ბებიაჩემის ბიძაშვილი იყო. მაშინ ფორტეპიანოს „ფისგარმონია“ ჰქონდა ანუ ფეხის პედლის დახმარების გარეშე ვერ დაუკრავდი. ისე მეზიზღებოდა ეს კაცი, ფორტეპიანოს რომ მიუჯდებოდა, ტირილს ვიწყებდი, მე უნდა დავხმარებოდი ფეხით, რომ დაეკრა. ილიჩი იყო, ვერ ვამბობდი ამ სიტყვას, ეს „იჩ-იჩ-ილი“ როდის წავა აქედან-მეთქი, შევჩიჩინებდი დედაჩემს.

  დაბნეული მარილი და მამის სასჯელი

– განსაკუთრებული დარიგება გახსენდებათ მშობლების მხრიდან?

– ყველა მშობელი ერთსა და იმავეს გაიძახოდა მაშინ, ჩვენ დროს ასე არ იყოო. მგონი ახლაც ასეა. დედაჩემი რომ თეატრალურ სტუდიაში შევიდა, ბებიაჩემი ბრაზობდა, როგორ შეიძლება, ჩემ დროს პატიოსან ქალს თეატრალურზე ეფიქრაო. დედაჩემი ცეკვის გამო მეჩხუბებოდა, სწავლას მოუკელიო. ახლა მე ვეჩხუბები ჩემს შვილს, გამოდღლეზილი შარვლებით რომ დადიან, არ მომწონს.

– მამაზე რას მეტყვით?

– მამაჩემი ძალიან მკაცრი კაცი იყო. მაშინ 16 წლამდე ბავშვებს თეატრში არ უშვებდნენ. ერთხელ შევიპარე თეატრში. დამთავრდა სპექტაკლი. ვიფიქრე, მამამ არ მიმასწროს-მეთქი და გამოვიქეცი. ჩვენ სახლთან ახლოს იყო თეატრი. მაშინ მამა ქუთაისის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. ვხედავ ჩემ წინ მიდის მამაჩემი. რომ დავგაზე მეორე გზაზე, ფეხებს თავში ვიცემდი. მოკლე გზით ჩავხტი ეზოში. ზუსტად ამ ადგილას ტუალეტი იდგა. ზედ დავახტი. ვიღაც კაცი ყოფილა ტუალეტში. იქ წივილ-კივილი ატყდა… ვინ ვის ასწრებდა, ვერ გაიგებდით. გადავრჩი. მამამ ვერ გაიგო, რომ თეატრში ვიყავი… ძალიან ვცელქობდი, მაგრამ დასჯა არ იცოდნენ ჩემმა მშობლებმა, არასდროს გავულახივარ. ახლა ვფიქრობ, ჩემი შვილი ასე რომ მოქცეულიყო, არ ვიცი რას ვუზამდი. ფოთში რომ ვცხოვრობდი, მარილი არ იშოვებოდა, ზღვის წყალს ადუღებდნენ ჩემები, იმდენხანს ადუღებდნენ, სანამ მარილი არ დარჩებოდა, მერე ფენდნენ მზეზე და აშრობდნენ. მე, როგორც ეშმაკის ფეხი, ავედი და მარილი სულ ძირს გადმოვყარე, თან, თოვლი მოდის-მეთქი, ვყვიროდი. მამამ კარადაში ჩამკეტა. იქ რა გამაჩერებდა, უკანა კედელი გამოვიღე, კარადის თავზე ავფოფხდი, გადმოვხტი და გავედი ეზოში. მთელი ოჯახი მეძებდა. რამეს რომ დავაშავებდი, საწოლის ქვეშ ვიმალებოდი. მაშინ ზამბარებიანი საწოლები იყო. ერთხელ ამეხლართა ზამბარებში ეს ხვეული თმა, ძლივს გამომიყვანეს იქიდან. ჩემი თმაც შეეწირა ამ ამბავს. კარგა ხანს კუთხეში ვიდექი…

სახლიდან მოპარული პურის ნატეხები და მადლიერი გერმანელი ტყვე

– ფოთში, ჩემი სახლის გვერდით სამხედროების შენობა იყო, იქვე სარდაფში გერმანელი ტყვეები ჰყავდათ. ძალიან მეცოდებოდნენ ეს ადამიანები, განსაკუთრებით ერთი, სულ მოწყენილი იჯდა. ჩუმად მოვიპარავდი პურს სახლში, მივიდოდი ხოლმე ღობესთან და გადავუგდებდი. სულ მადლობას მიხდიდა ეს კაცი გერმანულად. ერთხელაც მივედი და იმანაც რაღაც გადმომიგდო. სულ გვაფრთხილებდნენ, ხელი არ მოკიდოთ გერმანელების და ამერიკელების მოწოდებულს არაფერსო (მთელ ფოთში ამერიკელები დადიოდნენ მაშინ). ვერ მოვითმინე, მაინტერესებდა რა იყო. მივედი, გავხსენი და რას ვხედავ, ცოცხისგან გაკეთებული თოჯინა. გახარებულმა, სახლში წამოვიღე, დიდხანს ვინახავდი სათუთად…


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა