თეგებით ძიება

ნინოწმინდაში დაავადება ემკარით პირუტყვი დაიხოცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში პირუტყვის დაავადების შემთხვევები გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მერის წარმომადგენლის, ეგორ ქოთოიანის ინფორმაციით, „ემკარით“ ბოლო ორ კვირაში სამი პირუტყვი მოკვდა.

„თავდაპირველად საქონელი ეილებში (საზაფხულო საძოვრებზე) დაიხოცა. შემდეგ დაავადება ჩვენს სოფელშიც გავრცელდა, რადგან მოსახლეობის ნაწილმა პირუტყვი თავის დროზე არ აცრა. ამიტომ მიიღეს ეს შედეგი. აქვე გეტყვით, რომ ეშტიაში საქონლის 90% აცრილია, მოსახლეობაც ინფორმირებულია დაავადებაზე. სხვა სოფლებში გავრცელებული არ არის, რადგან საქონელი აცრილი ჰყავთ“, - აცხადებს მერის წარმომადგენელი.

დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს, შესაბამისად, მეცხოველეებმა პრეპარატი საკუთარი ხარჯებით უნდა შეიძინონ.

ექსტენციონისტ კობა კოჩალიძის ინფორმაციით, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დაავადება „ემკარის“ (იგივე ჭრიჭინას) ინკუბაციური პერიოდი 1 – 2 დღეს გრძელდება, გამონაკლისს შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 დღე. დაავადება არ არის გადამდები. დაავადება ვრცელდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, ჩვეულებრივ, ცხელ, მშრალ ზაფხულში.

„ემკარი მწვავე მიმდინარეობით ხასიათდება: ცხოველის სხეულის ტემპერატურა სწრაფად იწევს 41 – 42 გრადუსამდე. ცხოველი ძალზე მოდუნებულია, ცოხნას წყვეტს, პულსი სუსტი და აჩქარებული აქვს, უფრო ხშირად კუნთებით მდიდარ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – ბარძაყზე, გავაზე, გულმკერდზე და სხვაგან ჩნდება სწრაფად მზარდი ერთი ან რამდენიმე მკაფიოდ შემოფარგლული, ზოგჯერ განფენილი, უსწორო ფორმის შეშუპება, იგი დასაწყისში ცხელი და მტკივნეულია, შემდეგ ცივი და უგრძნობი ხდება. შესიებულ ადგილზე ხელის დაჭერით კრეპიტაცია (ჭრიჭინი) იგრძნობა, კანი მუქდება და შავდება. კუნთების დაზიანება იწვევს მოძრაობის შეფერხებას: კოჭლობას, კიდურების ათრევას და სახსრების გაშეშებას“, - განმარტავს სპეციალისტი.

სპეციალისტის თქმით, „ემკარის“ დაავადების პროფილაქტიკის მიზნით მოზარდი იცრება „ემკარის“ საწინააღმდეგო ვაქცინით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა