თეგებით ძიება

"წავიდა ჩვენგან ღირსეული კაცი..." - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„საუნივერსიტეტო საზოგადოებას, კიდევ ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება გამოაკლდა.

72 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ცნობილი ისტორიკოსი, აფხაზეთის სამეცნიერო-პედაგოგიური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ავთანდილ კილასონია.

ბატონი ავთანდილის მთელი შეგნებული ცხოვრება დაკავშირებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. 1969 წლიდან, როდესაც ის ჩაირიცხა ამ უმაღლესი სასწავლებლის (მაშინ პედაგოგიური ინსტიტუტის) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მან განვლო უაღრესად შინაარსიანი და წარმატებული გზა. იყო წარჩინებული სტუდენტი – უმაღლესი კატეგორიის სტიპენდიანტი, კათედრის ლაბორანტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი.

ა. კილასონიას მეცნიერ-ისტორიკოსად ჩამოყალიბება მოხდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე, სადაც მან გაიარა ასპირანტურის სრული კურსი (1979-1982 წწ.) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1985 წ.) თემაზე: „ტყვეთა სყიდვა დასავლეთ საქართველოში XVI-XIX საუკუნის პირველ ნახევარში“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გივი ჯამბურია).

მოგვიანებით მეცნიერმა გააგრძელა ამ პრობლემის სიღრმისეული კვლევა და 2006 წელს გამოსცა ფუნდამენტური მონოგრაფია: „ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაში XVI-XIX საუკუნეებში : ისტორიულ-სამართლებრივი ასპექტები“. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ავთანდილ კილასონიას ეს ნაშრომი დღემდე რჩება საეტაპოდ ქართულ ისტორიოგრაფიაში. ამის ერთგვარი გამოხატულება იყო ის, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“-მა 2022 წელს სერიით: „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ ( 15-ტომეული, ტ. 6), გამოაქვეყნა აღნიშნული მონოგრაფიის პოპულარული ვერსია („ადამიანებით ვაჭრობა საქართველო-კავკასიაში XVI-XIX საუკუნეებში“).

ავთანდილ კილასონია იყო ჩინებული პედაგოგი. მას მიჰყავდა სალექციო კურსები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის მიმართულებით სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). მისი ხელმძღვანელობით მომზადდა და დაცულ იქნა სადოქტორო დისერტაცია (იოსებ ალიმბარაშვილი: „ლეკიანობა“ და ქართლ-კახეთის სამხედროთავდაცვითი სისტემა“).

ავთანდილ კილასონია იყო მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, წესიერებითა და კეთილშობილებით გამორჩეული ადამიანი, რომელსაც უზომოდ უყვარდა თავისი სამშობლო. მან ეს განსაკუთრებით გამოავლინა 1992-1993 წლებში აფხაზეთში დატრიალებული სისხლიანი დაპირისპირების პერიოდში, როდესაც უყოყმანოდ დადგა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის წინა ხაზზე და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, II საარმიო კორპუსის პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი ოფიცრის რანგში ეწეოდა ნაყოფიერ ეროვნულ-პატრიოტულ აღმზრდელობით მუშაობას ქართულ ჯარში.

წავიდა ჩვენგან ღირსეული კაცი, კოლეგა, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი ისტორიკოსი, პედაგოგი, დიდებული ოჯახის მამა, მოსიყვარულე ბაბუა. მას ჯერ კიდევ არაერთი საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელება შეეძლო. ყველაზე სავალალო კი ისაა, რომ ავთანდილ კილასონია ვერ მოესწრო თავისი ცხოვრების უმთავრესი საფიქრალის – მშობლიური ქვეყნის მთლიანობის აღდგენის – ასრულებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა