თეგებით ძიება
21. 09. 2023 პერსონა

„მაწონი, სუფთა ღვინო და ჭაჭა“ - ფოტოჟურნალისტი, რომელმაც „ხანგრძლივი სიცოცხლის ფორმულა“ აღმოაჩინა

ჩვენი რესპონდენტი ფოტოხელოვნებამდე წერის სიყვარულმა მიიყვანა. მას შედეგ ფოტოაპარატთან ერთად მთელი მსოფლიო მოიარა და წამის მშვენიერებას არაერთხელ გვაზიარა. რატომ ურჩევნია მსოფლიოს სხვა კუთხეებს აზიასა და აფრიკაში მოგზაურობა, როგორ აღმოაჩინა „ხანგრძლივი სიცოცხლის ფორმულა“, როგორ აპირებს სხვადასხვა კამპანიის საშუალებით ცნობიერების ამაღლებას და როგორ ახერხებს დატვირთული გრაფიკის მიუხედავად იყოს კარგი მამა? - ამაზე TIA.GE-ს ჟურნალისტი, სცენარისტი და ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი ესაუბრა:

- დავამთავრე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი, მანამდე ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ორივე სპეციალობა წერას უკავშირდება, რომელიც ბავშვობიდან მიყვარს, ამიტომ ჟურნალისტიკაში მოვხვდი. 2000 წელს  „დილის გაზეთში“, ოპერატიულ ამბებზე ვმუშაობდი, როდესაც რედაქტორმა, მანანა კარტოზიამ ციფრული აპარატი მომცა და მითხრა, ცხელ თემებზე, ხშირად ღამე მუშაობა გიწევს და ბარემ ფოტოებიც გადაიღეო. ასე, რომ მუშაობა პირდაპირ ციფრული აპარატიდან დავიწყე. ისეთ თემებზე ვმუშაობდი, როგორიცაა კრიმინალური ამბები, საგზაო შემთხვევები, ხანძრები, ოფიციალური პირების ვიზიტები და ა.შ. „დილის გაზეთს“ ორი ფოტოგრაფი ჰყავდა, მაგრამ ზოგჯერ არც ერთს ეცალა და  გადაღებებზე წასვლა მე მიწევდა. რედაქციას ჩემი ფოტოები და  რეპორტაჟები მოსწონდა და ასე ნელ-ნელა ფოტოჟურნალისტიკა „შემომეპარა“. ჟურნალისტიკას არ ჩამოვცილებივარ, ამიტომ საკუთარ თავს ფოტოჟურნალისტს ვუწოდებ. დღესაც შემიძლია პრესკონფერენციაზე შევიდე და კითხვები დავსვა, დავწერო წერილი და ა.შ. რაც მთავარია, არასოდეს ვღალატობ  ობიექტურობას და 5 კითხვის ოქროს წესს: რა, სად, როდის, რატომ. ნამდვილი ჟურნალისტიკა შეულამაზებელ ფაქტებს  გადასცემს, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში, ამბავს სწორად ვერ მიიტან და ვერც შედეგს მიღებ.

- უამრავი ქვეყანა გინახავთ და უამრავ ადამიანს შეხვედრიხართ. ყველაზე მეტად რომელი მოვლენა ან ადამიანი დაგამახსოვრდათ?

- როგორც ფოტოჟურნალისტს, ყველაზე მეტად ისეთი ქვეყანა მომწონს, სადაც იმ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი კულტურა, ცხოვრების წესი, არქიტექტურა, ჩაცმულობა და გარეგნობა მკვეთრად არის გამოხატული. ამიტომ მირჩევნია აფრიკულ და აზიურ ქვეყნებში მოგზაურობა მაგალითად, საფრანგეთში ან ბელგიაში მოგზაურობას, სადაც ადამიანებს რაიმე ნიშნით ვერ გამოარჩევ. რაც შეეხება დასამახსოვრებელ ადამიანებს, ყველა ქვეყანაში შევხვედრივარ, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი საქართველოში, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებთან შეხვედრა იყო. 100-ზე მეტი ხანდაზმული ადამიანი გადავიღე, მათ შორის, 16 იმით იყო გამორჩეული, რომ სამ საუკუნეში იცხოვრა ანუ მე-19 საუკუნეში დაიბადა, მე-20 საუკუნეში იცხოვრა და 21-ე საუკუნესაც მოესწრო. დღეგრძელებს შორის იყო სამეგრელოში მცხოვრები,  გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი ანტისა ხვიჩავა, რომელმაც 132 წელი იცოცხლა. სამწუხაროდ, დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, თუმცა დაახლოებით 800-მდე 100 წელს გადაცილებული ადამიანი დღესაც გვყავს. დღეგრძელებთან ურთიერთობის დროს დავინტერესდი, რა ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, ამიტომ ვეკითხებოდი ოჯახურ მდგომარეობაზე, კვების რაციონზე, საქმიანობაზე და ა.შ. საბოლოოდ, ერთგვარი სამეცნიერო კვლევაც კი გამოვიდა...

- „ხანგრძლივი სიცოცხლის ფორმულა“ შეგიდგენიათ და იქნებ, ჩვენს მკითხველს რჩევების სახით გაუზიაროთ?

- როგორც დავასკვენი, დღეგრძელები საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალს მიირთმევენ და ჰუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებენ. ეს არ არის 5 დღე ან ერთი კვირა, ბუნებაში და სუფთა ჰაერზე წელიწადში ერთი თვე მაინც უნდა გაატარო. დღეგრძელები ხშირად მიირთმევდნენ მაწონს, სუფთა ღვინოს და ჭაჭას. ერთხელ კორეის ტელევიზია მყავდა სტუმრად და მაშინ გავიგე, რომ კორეელები სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ნედლ ხახვს მიირთმევენ. ქართველ ხანდაზმულებს ხახვზე  ყურადღება არ გაუმახვილებიათ, თუმცა ხახვი ისედაც ყველა ქართველის სუფრაზე დევს - მწვანეც და თავიანიც. ზოგი დღეგრძელი ენერგიისთვის თაფლიან წყალს მიირთმევდა. ქობულეთში 105 წლის ქალი გადავიღე, რომელიც მთელი ცხოვრება სახეზე კიტის ნაჭრებს იდებდა და ახალგაზრდა გოგოსავით სახის კანი ჰქონდა. რაც მთავარია, ხანგრძლივი სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობაა სიმშვიდის შენარჩუნება - არ უნდა ვიყოთ შურიანები და ბოღმიანები, რადგან ეს პირდაპირ ნერვებთან მიდის და დაავადებებს იწვევს.

- დაგვისახელეთ ფოტო, რომელიც გამორჩეულად გიყვართ და თქვენში ყველაზე დიდ ემოციას იწვევს

- საყვარელი ფოტო ბევრი მაქვს, იყო ფოტოები, რომლებმაც ცრემლები ან დიდი სიხარული გამოიწვია. ალბათ ფოტოგრაფიაში 30 წლის საქმიანობის შემდეგ გამოვფენ ფოტოებს, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინეს. მათ შორის რა თქმა უნდა, საქართველოში გადაღებული ფოტოებიც არის. ერთ-ერთია პალიასტომის ტბაზე გადაღებულ ფოტო, რომელიც ჯერჯერობით არსად გამომიქვეყნებია. 

- ფოტოს დანახვისას შეგიძლიათ თუ არა მიხვდეთ, როგორ ხასიათზე იყო ადამიანი მისი გადაღების დროს, როგორ ემოციები ჰქონდა..

- ადვილად ვხვდები დაძაბულია თუ არა ადამიანი გადაღების დროს  და ჩქარობს თუ არა.. შეიძლება ფიქრობს, რომ ცუდად გამოიყურება და ა.შ. ასეთ დროს ადამიანს ვამშვიდებ, ვცდილობ, რომ მისი ყურადრება ხუმრობის ან შეკითხვების საშუალებით მოვადუნო, რომ ფოტოზე დაძაბულობა არ გამოჩნდეს. 

- თქვენს სოციალურს აქტივობებზე გვიამბეთ. ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებული კამპანიები დასუფთავების ხელშეწყობის, ქართული ენის დაცვისა და სხვა მიმართულებებით - ამ საკითხებით რატომ დაინტერესდით?

- უბრალოდ ძალიან მინდა, რომ ჩვენი ენა, რომელიც ნამდვილად დასაცავია, დაცული იყოს, საგზაო კულტურა კი მოწესრიგებელი. მაგალითად, ხშირად საგზაო საცობებს სხვებს ვაბრალებთ, მაგრამ უფრო მეტად ჩვენივე არასწორი მოქმედების შედეგია - მძღოლები ერთმანეთს პატივს არ სცემენ, რიგებიდან გამოდიან  და მოხრეშილ გზებზე  გადადიან, დამნაშავეს კი სხვაგან ეძებენ. ქართული ენისა და საგზაო წესების დაცვის გარდა, წიგნების პოპულარიზაციასაც ვცდილობ. მოგეხსენებათ, ქვეყანაში თუ ამა თუ იმ ქალაქში ნაკითხი ადამიანების სიმრავლის და წიგნის სიყვარულის ერთ-ერთი საზომი წიგნის მაღაზიების რაოდენობაა. საბედნიეროდ, ჩვენთან სულ უფრო და უფრო მეტი წიგნის მაღაზია იხსნება, რაც „ბიბლუსის“ ძალიან დიდი დამსახურებაა.  

- როგორც მახსოვს, „ქართული აბრა“-ს ინიციატორიც იყავით. ამ კამპანიის მიზანი რა იყო და შედეგს თუ მიაღწიეთ?

- კამპანიის ფარგლებში მხოლოდ იმ აბრების ფოტოებს ვაქვეყნებდი, რომლებიც რეკლამის შესახებ კანონს არ არღვევდნენ. ამ კანონის მიხედვით აბრაზე ჯერ სახელმწიფო ენაზე უნდა ეწეროს და შემდეგ უცხო ენაზე, ქართული წარწერა უცხოურზე ნაკლები ზომის არ უნდა იყოს და ა.შ. ეს საკითხი მაწუხებდა, რადგან ვხედავდი, რომ შემთხვევათა დაახლოებით, 60%-ში კანონი ირღვეოდა და მშობლიურ ენას უდიერად ვექცეოდით. ბოლო დროს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდა, ამ მხრივ, თბილისში ყველაზე კარგი მდგომარეობაა. სამწუხაროდ, ადამიანების დიდ ნაწილს საზოგადო საქმე ნაკლებად აინტერესებს. დააკვირდით, როგორ ანთებს ზოგი ეკლესიაში სანთელს. შანდლებს ხომ რამდენიმე რიგი აქვს? ხომ შეძლება შიგნიდან დავიწყოთ დანთება, რომ მომდევნო ადამიანს სანთლის დანთება გაუადვილდეს? მაგრამ სხვა არ აინტერესებთ. ყველას გვინახავს მამაკაცები ქალების სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისებით, მოწიწებით, ფეხზე წამომდგარი რომ სვამენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგივე მამაკაცები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბავშვიან ქალსაც კი არ უთმობენ ადგილს ან  ყოფილ ცოლს ბავშვების თვალწინ კლავენ. როგორ შეიძლება ეს არ გაწუხებდეს? ჩემი აქტივობებით ვცდილობ, რომ ცოტა უკეთესი გარემო გვქონდეს, ოღონდ ამის გაკეთებას დამრღვევის განკითხვით და კრიტიკით კი არა, კანონმორჩილი და მოწესრიგებული ადამიანის შექებით ვცდილობ. ვფიქრობ უხეშობით და შემოლაწუნებით უფრო მეტ პროტესტს გამოვიწვევთ, მაგრამ თუ  დაანახებ, როგორ წაახალისე კანონის დამცველი, შეიძლება მასაც კანონის დაცვის სურვილი გაუჩინო. საერთოდ, მგონია, რომ კარგი არავის უნდა დავუკარგოთ და კარგზე ვთქვათ, რომ კარგია და ცუდზე ვთქვათ, რომ ცუდია. ესაა და ეს.

- დატვირთული რეჟიმის პირობებში, შვილთან ურთიერთობას როგორ ახერხებთ და ზოგადად, როგორი მამა ხართ?

- ერთი შვილი მყავს - 7 წლის ანიტა. ვცდილობ, რომ ჩემს გვერდით   ყოფნას და მხარდაჭერას გამუდმებით გრძნობდეს. სკოლის პირველ დღეს მეუღლესთან ერთად სკოლაში გავყევი და გაკვეთილების შემდეგ სკოლიდან გამოვიყვანე. არასოდეს ვატყუებ, რასაც ვპირდები, ყოველთვის ვასრულებ და მინდა, რომ მანაც იგივე გააკეთოს. ზღაპრებს ვუკითხავ და უფრო საინტერესო რომ იყოს, ახალ ზღაპრებსაც ვიგონებ. მაგალითად, წითელქუდა შეიძლება მგლის მაგივრად, ვეფხვს შევახვედრო და ა.შ. ასეთი ცვლილებები განსაკუთრებით მოწონს. 

- წიგნის გამოცემაზე ან ფილმის გადაღებაზე ხომ არ გიფიქრიათ?

- რადგან კინოსცენარისტი ვარ, მინდა ერთწუთიანი ფილმების სცენარები გავაკეთო და რამდენიმე სცენარი უკვე მაქვს კიდეც. რაც შეეხება წიგნს, უკვე გამოვეცი პატარა ამბებად შეკრული ჩემი თავგადასავლები და #წერე ქართულად. ამბები გოგა ჩანადირისგან დავარქვი. ახლა ერთ-ერთ თბილისურ ამბავზე ვმუშაობ, რომელიც მე-19 საუკუნეში მოხდა და გარკვეულწილად, ქალაქის ცხოვრება შეცვალა. 

- საუბრის ბოლოს იქნებ ორიოდე სიტყვა თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვითხრათ?

- მე ყოველთვის ძალიან ბევრს დავდიოდი და ვმოგზაურობდი. მარტო საქართველო შვიდჯერ მაქვს შემოვლილი და ფოტოგრაფია ამაში ძალიან მეხმარება. ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და ისევ მოგზაურობას უკავშირდება. მადლობა ღმერთს, რომ პანდემია დამთავრდა, ამიტომ ისევ მოგზაურობას გავაგრძელებ.

- წარმატებას გისურვებთ!

- გმადლობთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა