პატრულ-ინსპექტორმა, თანმხლებ პირთან ერთად, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა - საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მხილებულია პატრულ-ინსპექტორი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა თანმხლებ პირთან ერთად, 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"საქართველოს პროკურატურამ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.