ღაზაში მძევლები, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ - ისრაელის თავდაცვის ძალები
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის მთავარი პრიორიტეტი მძევლების გადარჩენაა.
მისი თქმით, ღაზას სექტორში გვირაბების რთული ქსელია და „ჰამასის“ მიერ გატაცებული 150-200 ადამიანი, სავარაუდოდ, სწორედ იქ ჰყავთ დაკავებული. ინფორმაციას უცხოულ მედიაზე დაყრდნობით „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
”ძალიან რთულია ნებისმიერი თანამედროვე სამხედრო ძალისთვის ასეთ მჭიდრო ურბანულ მხარეში ბრძოლა”, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, ისრაელის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ იქნება, თუმცა „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
”მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ვაპირებთ ვებრძოლოთ დაუნდობელ მტერს, რომელსაც უპრობლემოდ შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა ცოცხალ ფარად და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო მიზნებისთვის”, - აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.