თეგებით ძიება

მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკურ მახასიათებლებზე დადგენილება მიიღო

მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც შენობა-ნაგებობების ესთეტიკურ მახასიათებლებს ეხება.

დაახლოებით ათი დღის წინ დაანონსდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები დაინერგება, რომლითაც შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალები და ფერები განისაზღვრება და მუნიციპალიტეტებისთვის ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომელთაც თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს.

18 დეკემბრის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილებაში.

შედეგად, დადგენილებაში გაჩნდა შემდეგი შინაარსის ახალი მუხლი: შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული ესთეტიკური მახასიათებლების მქონე არქიტექტურული პროექტის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო:

1. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტი საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში − სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება მშენებლობის შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებულ არქიტექტურულ ესკიზზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის შეტყობინების გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.“

ამასთან, არქიტექტურული ესკიზის (მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის) შემუშავებისას დაცული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლები, საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“

2026 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესითა და პირობებით დადგენილი მოთხოვნები სარეკომენდაციო ხასიათისაა. ამის შემდეგ კი სავალდებულო გახდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა