თეგებით ძიება

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამხრეთ კავკასიაში „სიტუაციის აფეთქების“ საჭიროება არ გაჩნდეს - მამუკა არეშიძე

მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა, მსოფლიო ახალ რეალობაში აღმოჩნდა. 15 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა მხარეები გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, შესაძლოა, გაფართოვდეს - არსებობს რეალური რისკი, რომ ისრაელის კრიზისში ჩაერთოს ირანი და სამხედრო დაჯგუფება "ჰეზბოლა", რომელიც ირანის მხარდაჭერით მოქმედებს. რატომ ჭიანურდება სახმელეთო შეტევა პალესტინაზე, როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოზე, აპირებს თუ არა აზერბაიჯანი სომხეთში შეჭრას? ამ და სხვა კითხვებით TIA.GE -მ კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს მიმართა.

 

- ჩემი აზრით, პალესტინაზე სახმელეთო შეტევის გაჭიანურებით ისრაელი ცდილობს მშვიდობიან მოსახლეობაში ნაკლები მსხვერპლი იყოს და ირანთან და ჰეზბოლასთან  დაპირისპირება თავიდან აირიდოს. ამ მიზეზით, შეტევა უკვე რამდენჯერმე გადაიდო. სხვადასხვა მონაცემებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი რაიონები მილიონამდე ადამიანმა დატოვა და ალბათ, სანამ სულ არ გავლენ, ისრაელს სამხედრო ოპერაციის დაწყება არ სურს. 

- მშვიდობიან მოსახლეობას ხომ ტერორისტებიც გაჰყვებიან? მაშინ სახმელეთო ოპერაციის ჩატარებას რა აზრი აქვს?

- ბუნებრივია, ეს კითხვა ჩნდება, მაგრამ ისრაელისთვის მთავარია, რომ ამ სახმელეთო ოპერაციით საკომუნიკაციო სისტემები გაანადგუროს. იგულისხმება გვირაბები, რომლებიც ღაზას სექტორს ისრაელის ტერიტორიასთან აკავშირებს. ეს მხოლოდ საკომუნიკაციო გვირაბები არაა. იქ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, სადაც იარაღის აწყობა-შეკეთება და ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება და ტერაქტების დაგეგმვა ხდება, სადაც დაბომბვების დროს თავს აფარებენ და ა.შ. ფაქტობრივად, მიწისქვეშა ქალაქია. როგორც გაირკვა, ღაზას სექტორში სამხედრო ქარხანაც ყოფილა განლაგებული. არ ვიცი, მიწისქვეშაა თუ მიწის ზემოთ, მაგრამ ლიცენზია ჰქონიათ. ამ ქარხანაში კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებს დაშლილი სახით იღებენ და აწყობენ, ამასთან ტყვია წამალსაც ამზადებენ. აი, ასეთი, საკვანძო ობიექტების განადგურება სურს ისრაელის მხარეს. რაც შეეხება ჰამასის წევრები ლიკვიდაციას, ფიქრობენ, რომ ამას წერტილოვანი დარტყმებითაც შეძლებენ. 

- ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი თითქოს  ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა - ნაკლებად შუქდება, ნაკლებად საუბრობენ და ა.შ.  რა ხდება, მსოფლიოს უკრაინის პრობლემები აღარ აინტერესებს?

- როგორ არ აინტერესებს, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ბირთვული ომის საფრთხე უკვე ნაკლებია, ახლო აღმოსავლეთში კი ძალიან მაღალი. ისრაელის ხელისუფლება არც მალავს, რომ თუ ირანი ისრაელს თავს დაესხა და სხვა მხრიდანაც შეუტიეს, ბირთვულ იარაღს აუცილებლად გამოიყენებს. გარდა ამისა, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის განახლების იდეა ზუსტად იმას გულისხმობდა, რომ ყურადღება ამ კონფლიქტზე გადასულიყო და უკრაინის კონფლიქტი მეორეხარისხოვანი გამხდარიყო.  მით უმეტეს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებს უკრაინის გაუთავებელი დახმარება მობეზრდათ. მით უმეტეს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის მაღალი ხარისხი აღარავისთვის საიდუმლო არაა. როგორც იცით თავდაცვის მინისტრი რეზნიკი გადააყენეს. სწორედ რეზნიკს და მის გუნდს ბრალდება კორუფციის ძალიან მაღალი ხარისხი. როგორც ირკვევა, იარაღის ნაწილი, რომელსაც უკრაინა დასავლეთიდან იღებდა, მესამე ქვეყნებში გადიოდა და არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს იარაღი ტერორისტების ხელში ჩავარდნილიყო. 

- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა თანაშემწემ ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა კორუმპირებული და არაადეკვატურია, ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, სამოქალაქო თავისუფლებებსა და პოლიტიკურ კონკურენტებზე და მიანიშნა, რომ ზელენსკის შეცვლის დროა...

- ზელენსკის შეცვლაზე დასავლურ პოლიტიკურ წრეებშიც არის საუბრები, მაგრამ ეს ასე მარტივად არ ხდება. უკრაინის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ნებისმიერი სერიოზული რყევა აუცილებლად ომის შედეგებზე აისახება. შესაბამისად, უკრაინის მთავრობას როგორი უარყოფითი შეფასებებიც არ უნდა ჰქონდეს, დასავლეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთმა უკრაინაში არ გაიმარჯვოს, ამიტომ დასავლეთი ამას არ დაუშვებს მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ნამდვილად კორუმპირებულია. განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით იყო დაკავებული. ეს არის გუნდი, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე სახელოვნებო წრეებში ტრიალებდა. მათ შორის რამდენიმე დღევანდელი მაღალი თანამდებობის პირი 2014-15 წლებში თბილისში მუდმივად შემოქმედებასთან დაკავშირებული გეგმებით იმყოფებოდა და ძალიან კარგად ვიცი, ვინ არიან. 

- ალბათ ასეთი გუნდი ერთ-ერთი მიზეზია, რომ აშშ-ში ზელენსკის მეორე მიღება პირველისგან ძალიან განსხვავდებოდა და მის მიმართ მხარდაჭერამ აშკარად იკლო. 

- რასაკვირველია იკლო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის მთავრობის მიმართ უაღრესად  უარყოფითად ვარ განწყობილი, რუსეთის მთავრობის კორუფციის დონეს და რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ მიდგომებს ზელენსკის მთავრობის პოლიტიკურ მიდგომებთან ვერ შევადარებ. რუსეთს ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკული უნარები მეტი აქვს, მაგრამ მისი იდეოლოგია და ცხოვრების წესი პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ამ ფონზე ზელენსკის მთავრობა გულუბრყვილო ბავშვად გამოიყურება.

- ენტონი ბლინკენმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია სომხეთში აზერბაიჯანის შეჭრა. ალიევმა ყარაბაღში აზერბაიჯანის დროშა უკვე ააფრიალა და კიდევ რის მიღებას ცდილობს?

- ეს პროპაგადისტული განცხადებაა. საქმე ისაა, რომ თურქეთსა და დასავლეთს შორის რთული  მდგომარეობა შეიქმნა. საერთოდ, კონკრეტულ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც დასავლური ინტერესების მიმართ დაძაბულობა და მუქარაა, ნატოს ქვეყნები შეთანხმებით მოქმედებენ. ამ ბოლო დროს კი თურქეთმა საკუთარი პოლიტიკის იმპლემენტაცია და კეთება დაიწყო, რაც დასავლეთისთვის და განსაკუთრებით, აშშ-თვის სრულიად მიუღებელია. ეს ყარაბაღისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებსაც ეხება. ის, რომ აზერბაიჯანი „სიტუაციიდან გამოძვრა“ და ძალიან მოქნილად იმოქმედა, ფაქტია, მაგრამ აზერბაიჯანის უკან რომ თურქეთი დგას, ყველამ კარგად იცის. მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს არ უყვართ, როდესაც პრობლემა მათი ჩართულობის გარეშე, თავისთავად გვარდება. მათ კონფლიქტის მოგვარებას დაკონსერვებული კონფლიქტები ურჩევნიათ, რაც მათ პოლიტიკურ აქტივებს მეტი მანევრის საშუალებას აძლევს. მოკლედ, ამის გამო უკმაყოფილოები არიან და წინასწარ ქმნიან ერთგვარ ფონს, რომ აი, შეიძლება რამე უბედურება მოხდეს... არსად შემჭრელი აზერბაიჯანი არ არის, დღეს ეს არაფერში ჭირდება. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდება, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ჯერ არც დაწყებულა და აქედან გამომდინარე, ეს ამბავი დღეს-ხვალ მაინც არ მოხდება. 

- ახლო აღმოსავლეთსა და სამეზობლოში განვითარებული მოვლენები საქართველოზე როგორ აისახება? 

- ამის ზუსტი პროგნოზირება ძალიან რთულია, მაგრამ დაახლოებით შევეცდები. ის, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური და ეს გამოსდის, კარგია, მაგრამ პატარა, სუსტი ქვეყნისთვის შუალედური პოზიციის მუდმივად შენარჩუნება ძალიან რთულია. ახლომახლო მუდმივი მეგობარი არ გვყავს, გვყავს პარტნიორები, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და პარტნიორის მიერ არაერთხელ გაწირული პატარა ქვეყანა ბევრჯერ მინახავს. მსხვილი მოთამაშეები მოქმედებენ პრინციპით, რომ მათ მუდმივი მეგობრები კი არა, მუდმივი ინტერესები აქვთ. ამ ინტერესების თანხვედრა და გათვალისწინება დღეს ჩვენი პოლიტიკისთვის უმნიშვნელოოვანესი ამოცანაა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსხვილი მოთამაშეების ნაწილი სერიოზული პრობლემებითაა დაკავებული იქნება ეს უკრაინა, ისრაელი თუ სხვა. ყარაბაღის მოვლენების მიუხედავად, მოვლენათა ეპიცენტრი დღეს სამხრეთ კავკასიაში კი არა, უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთშია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ. დღეს მსოფლიო წესრიგი პრაქტიკულად ჩამოშლილია, აქედან გამომდინარე, ერთიანობა არც ნატოს ქვეყნებშია, არც  ევროკავშირშია, არც რუსეთის მოკავშირეებში და არსად, ამიტომ ყველა ცდილობს, რომ სიტუაციას რაღაცნაირად მოერგოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიაში 2022 წლის მარტის მსგავსად, სიტუაციის აფეთქების საჭიროება არ გაჩნდეს. დღევანდელ მსოფლიოში პოლიტიკა პოლიტიკოსების მიერ და ტრიბუნებიდან არ კეთდება. პოლიტიკას კულუარებში ბიზნეს-სტრუქტურები და ტრანსნაციონალური კომპანიები, კორპორაციები და მდიდარი ადამიანები აკეთებენ და ამ სიტუაციაში მთავარია, არც „დავწვეთ“ და არც ხმამაღა ვიყვიროთ, ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრიობის ის მოცემულობა რაც გვაქვს, გავაძლიეროთ და ისეთი იდეოლოგიური ნარატივი შევქმნათ, რომ მოსახლეობა შევინარჩუნოთ.

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა