რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სამშენებლო კომპანიები?
სამშენებლო ბიზნესი მუდმივად მზარდი, მრავალპროფილური, ინდუსტრიული მიმართულებაა, რომლის გარეშეც, ფაქტობრივად, შეუძლებელია საქართველოს ეკონომიკის სხვა დარგების ფუნქციონირება და განვითარება. თუმცა, თავის მხრივ, აღნიშნული სექტორი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე სამშენებლო ბიზნესშიც არსებობს ობიექტური თუ სუბიექტური შემაფერხებელი გარემოებები, რომელიც არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნეს მოთამაშეებსაც.
პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი და მასთან დაკავშირებული სანქციები, ვალუტის კურსის არასტაბილურობა - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებმაც ბოლო რამდენიმე წელია ქართული სამშენებლო ბიზნესი არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.
ადგილობრივი სამშენებლო სფეროს აქტორები აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა სამშენებლო მასალების იმპორტის მხრივ შეიქმნა, მოწოდების და ფასების ნაწილში, რასაც არსებული მასალების გაძვირება მოჰყვა.
სამშენებლო კომპანია „ალფა სახლის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ირა მელიმონაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მარაგების დეფიციტი და ფასის ცვლილება პირველ რიგში იმ სამშენებლო მასალებზე აისახა, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა. ეტაპობრივად კი, სხვა სამშენებლო მასალებიც გაძვირდა, ასევე გართულდა ტრანსპორტირების ნაწილი სხვა ქვეყნებიდან მაღალი მოთხოვნის გამო.
„სწორედ მაშინ, როდესაც პანდემიის შედეგებთან გამკლავება როგორც იქნა დავასრულეთ, სამშენებლო სექტორი ახალი პრობლემის წინაშე დადგა. იქედან გამომდინარე, რომ ქართულ სამშენებლო ბაზარზე მასალების საკმაოდ დიდი ნაწილის, მათ შორის რკინის იმპორტი უკრაინიდან ხდებოდა, წარმოიქმნა დეფიციტი, რამაც არსებული მარაგების გაძვირება გამოიწვია. შესაბამისად, გაძვირდა უძრავი ქონებაც. ჩვენ იძულებულები გავხდით ალტერნატიული ბაზარი მოგვეძიებია, თუმცა სანამ ახალ რელსებზე გადავეწყობოდით, ბუნებრივია, გარკვეული შეფერხებები იყო. მოცემულ სიტუაციაში, ჩვენთვის პრიორიტეტი მიმდინარე პროექტების სტაბილური შესრულება გახლდათ, რაც წარმატებით მოვახერხეთ და არცერთი მიმდინარე პროექტი არ გაგვიჩერებია არცერთი დღით.
ვაცნობიერებთ იმასაც, რომ სამშენებლო სექტორში არსებული კრიზისმა არა მხოლოდ სამშენებლო კომპანიები, არამედ ჩვენი მობინადრეებიც დააზარალა, გადავწყვიტეთ მათთვის გარკვეული ბენეფიტები შეგვეთავაზებინა. პირველ რიგში, გვიხარია, რომ არ მოგვიწია ფასის კორექტირება, ბოლომდე შევასრულეთ დაპირებული ჩაბარების პირობები, მიუხედავად პროცესში წარმოქმნილი არაერთი დაბრკოლებისა. ასევე გავითვალისწინეთ მობინადრეების პრეტენზიები ვადის გადაცილების გამო და მობინადრეებს გავუკეთეთ ფასდაკლებები ავტოფარეხებზე, გავუხანგრძლივეთ შიდა განვადება, გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის ნებისმიერ პროექტში ბინის შეძენისას მათთვის იმოქმედებს განსაკუთრებული ფასი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც მეტ სიმწვანეს, სიჯანსაღესა და ეკოლოგიურად სუფთა არქიტექტურულ ნაგებობას აჩუქებს დედაქალაქს, ხოლო მობინადრეებს უმაღლეს საცხოვრებელ პირობებს შესთავაზებს“, - ამბობს „ალფა სახლის“ ბიზნეს განვითარების მენეჯერი, ირა მელიმონაძე.