კუდ-ის ყოფილი სპეცრაზმელების ნაწილმა როინ შავაძის მკვლელობა აღიარა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროკურორებმა – გიორგი მუჯირმა და ვლადიმერ ვექილიანმა დაცვის მხარის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
მოსამართლემ ადვოკატების, ბექა ბასილაიას, შოთა თუთბერიძისა და შოთა კახიძის აცილებაზე პროკურორების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ისინი ბრალდებულების ინტერესებს ვეღარ დაიცავენ.
როგორც პროკურორებმა განაცხადეს, აღნიშნული ადვოკატები იცავდნენ იმ პირებს, რომლებმაც აღიარეს მკვლელობა და თანამშრომლობენ გამოძიებასთან. პროკურორის განმარტებით, საქმე არის ინტერესთა კონფლიქტთან და აღიარების შემდეგ აღნიშნულ ადვოკატებს სამართლებრივი უფლება აღარ აქვთ, საქმეში იყვნენ ჩართული.
ამასთან, სხდომაზე დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. მათი განმარტებით, რჩებიან ისეთი ბრალდებულების ადვოკატებად, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ, არ ჰყავთ სხვა ადვოკატები და მათი ჩამოშორებით დაირღვეოდა იმ ბრალდებულთა ინტერესები, რომლებიც დანაშაულს არ აღიარებენ და მათი დაცვის ქვეშ არიან, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების არგუმენტები არ გაითვალისწინა.
ბრალდებულები – გიორგი არაბული და მირზა კონცელიძე, სამი ადვოკატის აცილების შემდეგ, დაცვის მხარის გარეშე დარჩნენ. ძებნილ არაბულს ადვოკატი სავალდებულო წესით დაენიშნება, კონცელიძეს კი, პროკურატურამ კერძო ადვოკატის აყვანა ან სავალდებულო წესით დანიშვნა შესთავაზა.
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ 2023 წლის 28 ივლისს დაიწყო.
შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა 29 ივლისს შეეფარდა.
"ბრალდებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებენ პროკურატურაში.