როდის უმასპინძლა პრეზიდენტს, როგორ გადაურჩა მგლების თავდასხმას და რატომ აპირებს მსოფლიოში ყველაზე დიდი საკურას ხეივნის გაშენებას? - გაიცანით კაცი, რომელმაც „დაკარგული სამოთხე“ იპოვა
ბევრისთვის ის უცნაური კაცია, რომელიც ლეჩხუმის სახლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს, შემდგომ მათ პატრონებს უკავშირდება და მათთან შეთანხმებით და სოციალური ქსელის საშუალებით დასანგრევად განწირული სახლისთვის მყიდველებს ეძებს. ალბათ იფიქრებთ, მაკლერი ანუ სავაჭრო გარიგების შუამავალი ყოფილაო და შეცდებით, რადგან მას არც ერთი შეთანხმებიდან შემოსავალი არ მიუღია. პირიქით, მიტოვებულ სახლებს საკუთარი რესურსებით ეძებს. პროექტი მისი კეთილი ნებაა, რადგან თავისი კუთხე უყვარს და ლეჩხუმის დაცარიელებას და დაკეტილ სახლებს ვერ ეგუება. მიტოვებული სახლების გაცოცხლების კამპანია მისი ერთადერთი პროექტი არაა, „დაკარგული სამოთხის“ დაწყებიდან ერთი წლის თავზე პლენერის იდეა „დახატე ლეჩხუმი“ განახორციელა, ახლა კი მსოფლიოში უდიდესი საკურას ხეივნის გაშენებისთვის ემზადება. მაშ ასე, თავის განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე TIA.GE-ს ლექსო ჩარკვიანი ესაუბრა:
- პროექტი „დაკარგული სამოთხე“ ხუთი წლის წინ, 2018 წელს დავიწყე. იდეა უცბად დაიბადა. ქუთაისთან ახლოს, სათაფლიაზე პატარა ნაკვეთი მაქვს. ერთ მშვენიერ დღეს ნაკვეთში ლეჩხუმური ბეღელის დადგმა მოვინდომე. ბეღელის ძებნაში ლეჩხუმის ერთი სოფლიდან მეორეში დავდიოდი და გზაზე ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრებოდი, როცა ჩემს თვალწინ ერთი მიტოვებული ხის სახლი ჩამოინგრა. ამ დროს გვერდით ადგილობრივი მოსახლე მედგა და იმისგან გავიგე, რომ სოფლის ბოლოში მეორე სახლიც წაქცევის პირას იყო - „თქვენ რა იცით, რა სამოთხე იკარგებაო“- ჩაილაპარაკა ამ კაცმა და უნებურად, პროექტის სახელწოდებაც მიკარხნახა.
- პროექტის იდეა და მიზანი რა იყო?
- ეს პროექტი ქალაქის ხმაურისგან დაღლილ ადამიანებს სიმშვიდის პოვნაში ეხმარება, მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებს კი ზაფხულობით მაინც აცოცხლებს. მაშინ სოციალური ქსელები არ მქონდა, მაგრამ მიტოვებული სახლის სურათები მაინც გადავიღე. მერე ბავშვები დამეხმარენენ და ქსელი გამიკეთეს. ფოტოები ავტვირთე, მეპატრონეების ტელეფონის ნომრები მივაწერე და ორი კვირა აღარ შესულვარ. როცა შევედი, ჩემს პოსტს 3800 გაზიარება და 2800-მდე კომენტარი ჰქონდა და თითქმის ყველა სახლის ყიდვის სურვილს გამოთქვამდა. სახლის პატრონთან რომ გადავრეკე, გავიგე, რომ მართლაც გაყიდულა. ამან მოტივაცია გამიჩინა და ქუთაისიდან ლეჩხუმში ყოველ ჩასვლაზე გასაყიდი სახლების ძებნა დავიწყე. ლეჩხუმში სოფელი არ არის, რომ ნათესავი, მოკეთე, ნათელ-მირონი და ახლობელი არ მყავდეს, ამიტომ ჩანაფიქრის განხორციელება არ გამჭირვებია.
- როგორც ვიცი, პროექტს საკუთარი რესურსებით, ფინანსური დაინტერესების გარეშე ახორციელებთ.
- რა თქმა უნდა. თავიდან ეს ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ თანდათან ყველამ დაინახა და დაიჯერა. ჩემი კუთხე უზომოდ მიყვარს და ლეჩხუმის დაცარიელებას და დაკეტილ სახლებს ვერ ვეგუები. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ პროექტის წყალობით ლეჩხუმში 98 ახალგაზრდა ოჯახი დასახლდა და კერა გაათბო.
- ხომ არ ყოფილა შეთხვევა, რომ გასაყიდი სახლებით უცხოელი დაინტერესებულიყოს?
- არა, მე მაკლერი არ ვარ. ლეჩხუმში ჩემი კამპანიის პირობებში, არც ერთი უცხოელი არ დასახლებულა, მით უმეტეს, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან.
- როგორ ფიქრობთ, სოფლების დაცლის მიზეზი რა არის?
- დროებამ ისე მოიტანა, რომ ახალგაზრდა ქალაქში მიდის და ისეთ განათლებას და პროფესიას ეუფლება, რომელსაც აქ ვეღარ იყენებს. ამიტომ იძულებულია ქალაქში დარჩეს და პროფესიით იმუშაოს. მაგალითად ჩემი ნათესავი წავიდა და თბილისში ვეტერინარიას დაეუფლა. ჩამოვიდა აქ, ვერაფერი გააკეთა და იძულებული გახდა ქალაქში წასულიყო, სადაც ცხოველების სამკურნალო დაწესებულება გააკეთა და იქ გადავიდა.
- როგორც ვიცი, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები გართობის ნაკლებობასაც უჩივიან..
- ამაში ვერავის დავეთანხმები. სოფელში რომ გასართობია, იმდენი სადაა? ბუნებაში გახვალ, მდინარეზე გახვალ, უამრავი საინტერესო ადგილია. ბოლოს და ბოლოს, სოფლის მოხუცებს შემოივლი და მათთან რომ საინტერესო ამბებს მოისმენ, ვერც ერთ ფილმში ვერ ნახავ. პირადად მე მოხუცებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ზოგადად, სოფელს თავისი ცხოვრება აქვს, ქალაქს - თავისი. გინდა იქ იცხოვრებ, გინდა აქ, გინდა ჩემსავით, ორივეგან. მაგალითანდ ახლა ფეისბუქი 10 000 შეტყობინებას მიჩვენებს და აქედან 99% სოფელში სახლს ეძებს. ზოგს მევენახეობა აინტერესებს, ზოგს მეფრინველეობა, ზოგს ხილის მოყვანა და ა.შ.
- გამოდის, რომ სოფლის მიმართ ინტერესი იზრდება.
- ინტერესი ნამდვილად არის, მაგრამ მუდმივად მაინც ვერ გადმოდიან, ძირითადად, სააგარაკედ აქვთ. ძველი ხის სახლები, როგორც სამუზეუმო ექსპონატები, ისე შეინახეს, გვერდით ახალი სახლები მიუდგეს და არიან ასე.
- მიტოვებულ სახლებს მარტო ლეჩხუმში ეძებთ თუ საქართველოს სხვა კუთხეებსაც გადასწვდით?
- თავიდან რაჭის სოფლებშიც შევედი. იქაც მყავს ახლობლები, მეგობრები, კურსელები. მოვახერხე, რომ ამ კამპანიით რამდენიმე ოჯახი რაჭაშიც დასახლდა, მაგრამ შემდეგ ფინანსურად ვეღარ გავწვდი და იძულებული გავხდი, რომ საქმიანობა მარტო ლეჩხუმში გამეგრძელებინა.
- მიტოვებული სახლების მყიდველები ვინ არიან?
- საკმაოდ ცნობილი ხალხია: მხატვრები, მწერლები, მომღერლები..
- რამდენი მიტოვებული სახლის გათბობა შეძლო „დაკარგულმა სამოთხემ“?
- თავიდან 30 სახლის გათბობას ვგეგმავდი. ამ გეგმის შესრულება ისე სწრაფად შევძელი, რომ 100-ზე ასვლა გადავწყვიტე. ასამდე, ორი გამთბარი კარმიდამოც დამრჩა და მგონი დავასრულებ, მეტს ფინანსურად ვეღარ გავწვდები, იმიტომ რომ დრო ჭირდება, ხარჯები და ა.შ.
- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს ინიციატივას?
- ოჯახის წევრები ამ კამპანიაში არ გამირევია. სახლების საძებნელად ყოველთვის მარტო მოვდივარ. ძალიან რთულია, მთა-მთა, სოფელ-სოფელ, ტყე-ტყე სიარული, გზაში რომ გიღამდება... ღამეც ბევრჯერ გამითევია გზაში და მგლებსაც გადავყრივარ...
- მგლები სად შეგვხდათ და როგორ გადაურჩით?
- მგლები შემოღამებულზე, რაჭაში, სოფელ ღების გზაზე შემხვდნენ. კარგი ამინდი იყო და მანქანა წყაროსთან გავაჩერე. გადავედი და წყაროს თავზე სამი მგელი დავინახე. მივხვდი, რომ არ დამინდობდნენ იმიტომ, რომ სიახლოვეს არც მოსახლე იყო და არც თავშესაფარი. სხვა გზა არ მქონდა და მანქანისკენ გავიქეცი. უკვე მანქანაში შესულს მგელი ფეხზე მწვდა და პირში ჩემი ბოტასი შერჩა. ასე რომ ადვილად გადავურჩი...
- როგორც ვიცი, „დაკარგული სამოთხე“ თქვენი ერთადერთ პროექტი არაა და კიდევ უამრავი გეგმა გაქვთ.
- დიახ, მე მენერგეობას მივდევ. საკურა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები გამომყავს. უკვე ისეთი რესურსი მაქვს, რომ შემიძლია საკურას ხეივანი გავაკეთო. იაპონიაში არის 1200 მეტრის სიგრძის ხეივანი, რომლის ყვავილობის სანახავად, მაისის თვეში მთელი მსოფლიო იაპონიაში ჩადის. ჰოლანდიაში არის საკურას 750 მეტრიანი ხეივანი, ბარსელონაში 140 მეტრიანი, მე კი ლეჩხუმში 9 კილომეტრიანი საკურას ხეივნის გაკეთებას ვგეგმავ და ეს ფეისბუქშიც დავწერე. ჩემი პოსტი ცაგერის მერმა, ბატონმა ლევან ზალკალიანმა ნახა. შევხვდით, ვისაუბრეთ და პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერას დამპირდა. გაზაფხულზე უკვე საკურას მყნობას დავიწყებ და ზუსტად ორ თვეში აყვავდება.
- 9 კილომეტრიანი ხეივნით გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას ხომ არ გეგმავთ?
- აუცილებლად, იმიტომ, რომ ამის რესურსი მაქვს და საკურაც თავად გამომყავს.
- ძნელი გამოსაყვანია?
- კი. ვაშლი, მსხალი, კენკროვნები ძალიან მარტივი გამოსაყვანია და საკურას ძალიან დიდი შრომა უნდა. ლეჩხუმისთვის კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს. 2020 წელს ორბელის უღელტეხილზე მოწყობილ გადმოსახედზე პლენერი „დახატე ლეჩხუმი“ გაიმართა. დავუკავშირდი მხატვრებს, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ წამომყვნენ თავიანთი ნახატებით, გვქონდა ვიოლინო და ცოცხალი მუსიკა, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ პლანერზე, ყოვეგვარი გაფრთხილების გარეშე, პრეზიდენტი გვესტუმრა. ანონსი უნახავს და დაინტერესდა.
კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, თუნდაც რეგიონებში ტურისტული პოტენციალის ასამაღლებად. ლეჩხუმში ძალიან მაგარი ახალგაზრდები არიან. ისეთ საქმეებს აკეთებენ, რომ მე მათთან ახლოსაც ვერ მივალ. ჯერ მარტო ცაგერის რაიონში 12 ოქროს მედალოსანი გვყავდა. ბევრი ახალგაზრდა დასაქმებულია მეღვინეობის და მეფუტკრეობის მიმართულებით. ვცდილობ ახალგაზრდებს მოტივაცია მივცე. მე მაგალითად, ვაშლის ძმარს ვაწარმებ და ამის გაკეთებას სხვებსაც ვასწავლი. გაზაფხულზე მყნობის ტრენინგებსაც ვატარებ, ასე, რომ სოფელში მოსაწყენად არავის სცალია და მით უმეტეს, ახალგაზრდას.