კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არამხოლოდ ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ ეს იქნება უსამართლობის გამოსწორება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„ევროკომისიისგან დასკვნის გამოქვეყნებას ველოდებით, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკომისიასთან. სწორედ ეს, ბოლო ორი თვის, განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს იმის იმედს, რომ შეფასება იქნება პოზიტიური - შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასვლა, კანდიდატის მიღების მხრივ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რა თქმა უნდა, საქართველო შარშან ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, საქართველო ასოცირებულ ტრიოში უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით იყო ლიდერი, რჩება ლიდერად, ამიტომ, რა თქმა უნდა, შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით იყო უსამართლო. ამიტომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ ეს იქნება უსამართლობის გამოსწორება.
რაც შეეხება საუბრებს იმაზე, რომ თითქოს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება გეოპოლიტიკის, ქართველი ხალხის გამო და ა.შ. შარშან ივნისში ქართველი ხალხი რაიმე სხვანაირი ხალხი იყო? თუ შარშან ივნისში ქართველ ხალხს ევროკავშირი პატივს არ სცემდა? თუ გეოპოლიტიკა იყო სხვანაირი? თუ შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან? არაფერი არ მხრივ არა შეცვლილა. გეოპოლიტიკურად იმდენადვე მნიშვნელოვნები ვართ, როგორც ვიყავით შარშან, ივნისში; ქართველი ხალხი იმდენადვე იმსახურებს ახლა, როგორც იმსახურებდა შარშან, ივნისში; ასე რომ, პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ შეფასებაც და დაფასებაც იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.