თბილისში საცხოვრებელ ფარზე გაცემული ნებართვები მე-8 თვეა მცირდება - G&T
თბილისში ბინების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები მცირდება. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165,484 კვ.მ შეადგინა (-18% წ/წ). აღსანიშნავია, რომ გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში
მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია. ჯამურად, 2026 წლის 5 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34.4%-ით შემცირდა.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3 748 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის მაისთან შედარებით, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინების ფასი და კვ.მ-ზე 1 412 დოლარი შეადგინა.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა უცვლელი დარჩა, რაც გასული წლის მაისის მაღალ ბაზას ასახავს. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება.
მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12%-ით გაიზარდა და 1 924 შეადგინა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები 9.7%-ით 1 824-მდე გაიზარდა.
საინვესტიციო ბანკის ცნობითვე, 2026 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 18,296 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2025 წლის მაისთან შედარებით, გაძვირებულია ბინის ქირაც. კერძოდ, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 კვ.მ) ქირის ფასი მაღალ დონეზე შენარჩუნდა და კვადრატულზე 9.9 დოლარი შეადგინა, ქირის ამონაგებმა კი - 8.4%.