თეგებით ძიება
08. 11. 2023 პერსონა

„საქართველო ჰოლივუდი და საფრანგეთი არ არის, ამიტომ ვფიქრობ მამა მართალი იყო“ - გიორგი ვარსიმაშვილის გულახდილი ინტერვიუ

ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ვარსიმაშვილის გზა საქართველოდან საფრანგეთში და პირიქით... რა სირთულეები გაიარა ამ გზაზე ცნობილი რეჟისორის, ავთო ვარსიმაშვილის ვაჟმა და რატომ იყო მამა ხელოვნების სფეროში მისი ყოფნის წინააღმდეგი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე TIA.GE- ს გიორგი ვარსიმაშვილი ესაუბრა:

 - გიორგი, დავიწყოთ ბავშვობიდან... ხელოვნებით ალბათ ბავშვობაში დაინტერესდი? 

- ჩემი ბავშვობა ისეთ რთულ პერიოდს დაემთხვა, რომ შეუძლებელი იყო იმ დროს საქართველოში ხელოვნებით კი არა, საერთოდ რამით დაინტერესებულიყავი... 90-იანი წლების უშუქობა, უტრანსპორტობა, შიმშილი... მოსახლეობა მხოლოდ გადარჩენაზე იყო ორიენტირებული... შესაბამისად, ჩემი თაობის ბავშვებს ყოფითი მოთხოვნები უფრო გვქონდა, ვიდრე რაიმე აღმატებული ინტერესი. უშუქობის გამო ფილმებს ტელევიზორშიც კი ვერ ვნახულობდი, თბილისში მხოლოდ ერთი კინოთეატრი, „რუსთაველი“ ფუნქციონირებდა და პირველად სწორედ იქ ვნახე დიდ ეკრანზე ფილმი. ხელოვნებისადმი ინტერესი მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში გამიჩნდა. ამიტომ იყო, რომ თავიდან საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე... 

- 90-იანები წლების გავლენა მესმის, მაგრამ ცნობილი რეჟისორის შვილობამაც ვერ მოახდინა გავლენა შენს პროფესიულ არჩევანზე? 

- მამის გავლენა ასე პირდაპირ არა, მაგრამ ალბათ ირიბად იყო, რადგან საბოლოოდ მაინც რეჟისორობისკენ გამიწია გულმა. ავთოს თეატრში ყოველთვის დავყავდი, მაგრამ დიდად არ უნდოდა ხელოვნების სფეროში ვყოფილიყავი. მშობლების თხოვნაც იყო, ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე.   

- რას გეუბნებოდა, რატომ  იყო წინააღმდეგი?   

- მისი აზრით, ხელოვანი ადამიანის ცხოვრება რთულია, განსაკუთრებით ფინასური თვალსაზრისით. ამიტომ მირჩევდა, რომ თუნდაც დამატებით, ისეთი სპეციალობა ამერჩია, რომლითაც უზრუნველყოფილი ვიქნებოდი. ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ მართალი იყო.   

- ახლა თუ გაძლევს ავთო რჩევებს და ზოგადად, როგორი მამაა? 

- ავთო პირველ რიგში მამაა და შემდგომ მეგობარი, კოლეგა, რომელსაც   ხშირად  ვეკითხები რჩევებს და ვენდობი. 

- საფრანგეთში შენს საქმიანობაზე რას გვეტყვი? 

- უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში წავედი. იქ სამი სასწავლებელი დავამთავრე. ბოლო სასწავლებლიდან  მოვხვდი იქაურ ტელევიზიაში, მემონტაჟედ. საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა, თუმცა რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. ამიტომ დავტოვე ტელევიზია და გადავწყვიტე რეჟისურაში მეცადა ბედი.

 

- რთული არ იყო თავის დამკვიდრება უცხო ქვეყანაში? 

- მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი ძალიან ბევრ ფილმს აწარმოებს, იქ თავის დამკვიდრება, რა თქმა უნდა, რთულია...უდიდესი კონკურსია ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ძალიან ბევრს ვშრომობდი, ვწერდი სცენარებს... მოკლედ, არ ვჩერდებოდი. 

 - საქართველოში დაბრუნება რამ გადაგაწყვეტინა? 

 - საფრანგეთის კინოსკოლაში ერთმა ლექტორმა სხვადასხვა ქვეყნებიდან  ჩასულ სტუდენტებს გვითხრა - ხომ ხედავთ, პარიზი თქვენს გარეშეც ძალიან კარგი ქალაქია, ამიტომ აქ არავის არ სჭირდებითო... მივხვდი, რომ ასეც არის. ამიტომ გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება, თანაც იმ დროისთვის ჩვენთან კინოინდუსტრია ასე თუ ისე უკვე იყო განვითარებული. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი წვლილიც შემეტანა, თუმცა აქაც რთული პერიოდები გავიარე...   

- საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რეჟისორი, ოპერატორი, სცენარისტი, მემონტაჟე და ბოლოს, მწერალიც... წიგნის დაწერა რამ გადაგაწყვეტინა?   

- 2015 წელს კინოცენტრმა გამოაცხადა კონკურსი, მთავრობის დაკვეთით.  ფილმი უნდა ყოფილიყო საქართველოს ისტორიაზე. კინოცენტრმა გამოაცხადა სცენარის კონკურსი, სცენარი უნდა ჩაგვებარებინა 2016 წელს. კონკურსში რამდენიმე  ადამიანმა გავიმარჯვეთ, და მოვიპოვეთ დაფინანსება. თუმცა ისე მოხდა, რომ სცენარის წერა კი დავასრულეთ, მაგრამ ფილმის გადაღებები გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. დაგვრჩა მხოლოდ სცენარები... საკუთარი ხარჯებით ფილმს ვეღარ გადავიღებდი, ამიტომ გადავწყვიტე სცენარი რომანად გადამეკეთებინა.  მე არ ვარ მწერალი და ამის ამბიციაც არ მქონდა არასდროს, თუმცა ვაღიარებ, წიგნზე მუშაობის პროცესი სასიამოვნო აღმოჩნდა. რომანი „ხალხის მტრები“  გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა  და 3 წელია წარმატებით იყიდება. 

- დამწყებ რეჟისორებს რას ურჩევ? 

- რეჟისორობა შრომატევადი საქმიანობაა, დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. მზად უნდა იყო, იმისთვისაც, რომ შეიძლება პირადი ცხოვრების გვერდზე გადადებაც მოგიწიოს, თუმცა მერწმუნეთ ეს ყველაფერი ამად ღირს. დამწყებ რეჟისორებს იმასაც ვურჩევ, რომ დამატებით შემოსავლის წყაროც ეძებონ, რადგან მხოლოდ ამ სფეროზე დაყრდნობით ვერ იცხოვრებენ, საქართველო ხომ ჰოლივუდი და საფრანგეთი არ არის... 

 

- გიორგი, ბოლო შენს ფილმს „სასტუმრო მეტალურგი“ აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, მოგვიყევით მის შესახებ. 

- ამ ფილმის გადაღება ჩემმა ფრანგმა კოლეგამ შემომთავაზა. დავწერეთ პროექტი, შევაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტი, ფოტოები და ა.შ. ლოკაციის ფოტოების მოძიებისას გამახსენდა  წყალტუბოში არსებული "სასტუმრო მეტალურგი", სადაც ჩავედი და გადავიღე პატარა 10 წუთიანი სცენა. ლოკაცია ჩემს ფრანგ კოლეგასაც მოეწონა და გადავწყვიტეთ დაგვეწყო გადაღებები, თუმცა ის ვეღარ ჩამოვიდა და ფილმის გადაღება მხოლოდ მე მომიწია. ყოველ პარასკევს, სამსახურის შემდეგ თბილისიდან წყალტუბოში მარტო ჩავდიოდი, თან დამქონდა გადაღებისთვის საჭირო ტექნიკა, რომელიც ჩემი ხელფასიდან მქონდა შეძენილი და საბოლოოდ, გავაკეთე დოკუმენტური ფილმი. თუმცა, ჩემი კოლეგის წვლილი, როგორც თანარეჟისორის იყო დისტანციური, ის ნახულობდა კადრებს და შემდგომ ვჯერდებოდით. ფილმმა მოიარა საქართველოს რეგიონები, ნაჩვენები იქნა საზღვარგარეთის არაერთ ქვეყანაში... ფილმი ინგლისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. ასევე, ფესტივალებზე ლათინო-ამერიკაში, ეკვადორში. იგეგმება მისი ჩვენება ნეპალში, საფრანგეთსა და გერმანიაში...   გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ საქართველოს კინოცენტრმა ერთი სიტყვაც კი არ დაწერა ამ ფილმზე. თუნდაც ერთი პოსტი რომ გამოექვეყნებინათ... უბრალოდ სამწუხაროა, როცა კინოცენტრი ასეთ გულგრილობას იჩენს ქართული ფილმის წარმატებაზე, ეს ხომ მთელი ქვეყნის წარმატებაცაა.     

- გიორგი, როგორია შენი სამომავლო გეგმები? 

- ჩემი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით ისევ ამ ფილმს უკავშირდება, რომელიც კიდევ ბევრ ქვეყანაში უნდა გავიტანო. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ფილმთან ერთად მეც საინტერესო მოგზაურობაში ვარ.

ავტორი : ნინო სილაგაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა