თეგებით ძიება

მეუღლისა და 2 პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლისა და ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს, ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა. აღნიშნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა. ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა