ფილმის გადაღების პროცესში თითქმის ყველა სირთულე ფინანსური პრობლემებიდან მომდინარეობს - ლევან ჭყონია
ჩვენი რესპონდენტი წინანდლის პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის დიპლომანტია, რომელმაც თავის გამოჩენა უკვე მოახერხა - თბილისის მე-16 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე ლევან ჭყონიას სადიპლომო ფილმმა „გულისხმა“ საუკეთესო რეჟისურისთვის დიპლომი მოიპოვა, დოკუმენტურმა ფილმმა „ლაზარე“ კი დოკუმენტური ფილმების სექციაში გაიმარჯვა.
რატომ გადაწყვიტა რეჟისორობა, როგორ მოდის ფილმის გადაღების იდეა, რა სირთულეებს აწყდება გადაღების პროცესში და როგორი სამომავლო გეგმები აქვს? ამაზე TIA.GE-ს ლევან ჭყონია ესაუბრა:
- როგორ დავიწყე? უბრალოდ ამის გაკეთება მინდოდა და მაინტერესებდა. დავწერე სცენარი და ფილმი გადავიღე. საიდან მოვიდა იდეა, ვერ გეტყვით, უბრალოდ მოვიდა...
- მხატვრული ფილმებსაც იღებთ და დოკუმენტურსაც, თან, ორივეს წარმატებულად. უპირატესობას რომელ მიმართულებას ანიჭებთ, თუ ჯერჯერობით, ძიებაში ხართ?
- დიახ, დოკუმენტური ფილმებიც მომწონს და გადამიღია, მაგრამ უფრო მხატვრული მიზიდავს.
- რა სირთულეებს აწყდებით ფილმის გადაღების პროცესში და როგორ ახერხებთ ამ სირთულეების გადალახვას?
- მთავარი სირთულე ფინანსების ნაკლებობაა. ზოგჯერ ფულს საკუთარი ძალებით ვაგროვებ, ახლა კი ნაწილი უნივერსიტეტმა მომცა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მასწავლებელს, რეჟისორ დათო ჯანელიძეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო რეჟისორ გრიგოლ ჯანაშიას, რომელმაც მესტიის კინოფესტივალზე მოპოვებული ჯილდოს ნახევარი გამინაწილა პოსტ-პროდუქციის დაფინანსებისთვის. საერთოდ, ფილმის გადაღების პროცესში თითქმის ყველა სირთულე ფინანსური პრობლემებიდან მომდინარეობს, იმიტომ, რომ არ გაქვს ტექნიკა, რომ რაღაცები გააკეთო, გიწევს სცენების ამოღება, რაღაცების შემოკლება, დროში იწვები და ვერ ასწრებ ყველაფრის გაკეთებას.
- დოკუმენტურ ფილმში „ლაზარე“ 10 წლის ბიჭის ცხოვრებაა აღწერილი. რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმის გადაღება და რა აკავშირებს თქვენს ლაზარეს გეგა კობახიძის ლაზარესთან?
- ლაზარე ჩემი პატარა მეგობარია, ძალიან დამოუკიდებელი ბავშვია და ცდილობს ყველაფერი თავად აკეთოს. ის იმდენად საინტერესო პერსონაჟია, რომ მომინდა, სხვებისთვისაც მეჩვენებინა. გეგა კობახიძის ლაზარესთან არაფერი აკავშირებს.
- დოკუმენტური ფილმების მხრივ განებივრებული არ ვართ...
- ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი კარგი ფილმი გამოჩნდა. მაგალითად, მარიამ ჭაჭიას „ჯადოსნური მთა“, ლუკა ბერაძის „ღიმილიანი საქართველო“, სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ და ა.შ.
- თქვენი სადიპლომო ნამუშევარი "გულისხმა", რომელმაც საუკეთესო რეჟისორის დიპლომი მოგიტანათ, 20 ნოემბერს პეკინში აჩვენეს. იქნებ მოკლედ გვიამბოთ ფილმი რაზეა და პეკინში როგორი შეფასებები დაიმსახურა?
- ფილმის შინაარსი ასეთია - წყვილი სალაშქროდ მიდის და პირველივე საღამოს გოგო ბიჭს ეუბნება, რომ ორსულადაა. ბიჭისთვის ეს ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ არ იცის, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს. გოგო ამას შენიშნავს და მეორე დილით ქრება. მთელი ფილმი იმაზეა, როგორც ცდილობს ეს ბიჭი შიშების გადალახვას. მინდოდა, რომ ფილმი ისეთი არგუმენტების ნაცვლად, როგორიცაა, ჯერ ახალგაზრდა ვარ ან ფული არ მაქვს, შეგრძნებებზე ყოფილიყო აგებული. ფილმი ჩინეთის დედაქალაქში, სტუდენტურ კინოფესტივალზე აჩვენეს. პეკინში 8 დღე გავატარე. მასპინძლებმა ყველაფერი დააფინანსეს - მგზავრობა, სასტუმროში ცხოვრება ადა ა.შ. ფილმს კარგი გამოხმაურება ჰქონდა და საკმაოდ ბევრს მოეწონა. ეს კი აზიაში სტუდენტურებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია. სხვათა შორის, ახლახან მოლდოვის სტუდენტურ კინოფესტივალზე, კიშინოვში საუკეთესო ოპერატორის ჯილდო ავიღეთ. ჩემი ხმის რეჟისორი იყო წასული, ირაკლი მარგიშვილი.
- ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა ხომ გახსოვთ“? ეს ქვა რომ ჩემი იყოს... დღეს რომ ბევრი ფული გქონდეთ, როგორ ფილმს გადაიღებდით?
- ალბათ იმას, რის გადაღებასაც ახლა ვაპირებ, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ იდეა მაქვს და სცენარი არა...
- რას ურჩევდით თქვენსავით დამწყებ რეჟისორებს?
- იმავეს, რასაც გამოცდილი კინოხელოვანები მირჩევენ ხოლმე: კინოს კეთებაა მთავარი მასწავლებელი. პირველ რიგში სცენარის წერის სწავლაა მნიშვნელოვანი, რასაც თვითონ წერით, ნაწერის გაანალიზებით და გამოცდილი სცენარისტებისთვის რჩევის კითხვით შევძლებთ. არსებობს დრამატურგიის მასწავლებელი არაერთი კარგი წიგნიც. თუკი ვინმეს დააინტერესებს, შემიძლია პირადად გავუგზავნო ეს წიგნები. ასევე, ფინანსურმა დაბრკოლებებმა ფილმის გადაღების სურვილი არ უნდა გაუქროს არავის. უფულოდაც შეიძლება ფილმის გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალბედა ხარ. მეც გამიმართლა, რომ ასეთი კარგი გუნდი შემხვდა და სრულიად უფასოდ დამეხმარა ფილმის ბოლომდე მიყვანაში.
- ფინანსური პრობლემების გამო უამრავი ნიჭიერი ადამიანი ვერ ახერხებს ფილმის გადაღებას. თქვენი აზრით, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
- პირველ რიგში რაც ახლა სამინისტროში, კინოცენტრის ამბებზე ხდება, ეს უნდა მოგვარდეს. ჩემი აზრით, კინოცენტრში თანამდებობებზე მინისტრის გადაწყვეტილებით არ უნდა ინიშნებოდნენ, მით უმეტეს, ციხის ყოფილი ზედამხედველები. როცა ასეთი რაღაცეები ხდება, ეს კინოზეც აისახება. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ საქართველოში საუკეთესო რეჟისორების უმეტესობა დღეს ბოიკოტის რეჟიმშია.
- ქართველი მაყურებლის უდიდესი ნაწილი სერიალების მაყურებელია. თქვენი აზრით, ეს რაზე მიანიშნებს?
- არ ვიცი, რაზე მიანიშნებს. არამგონია მხოლოდ ქართველებს გვქონდეს ეს მიდრეკილება. ზოგადად, უფრო ფართო მასშტაბითაც კი სერიალები ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს არ ვიცი კარგია თუ ცუდი, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ სერიალების წარმოება კომერციულმა ორგანიზაციებმა უნდა ჩაიბარონ და არა სახელმწიფომ. სახელმწიფო არ უნდა იხდიდეს ფულს სერიალის გადასაღებად. სერიალი კომერციული პროდუქტია და კომერციული ორგანიზაცია უნდა ქმნიდეს. სახელმწიფო ფულს უნდა დებდეს განათლებაში ან ისეთ კინოში, რომელიც მოგებას არ მოიტანს. სერიალი, რომელიც მოგებაზეა გათვლილი, თავისუფლად შეიძლება, რომ ტელევიზიამ ან რომელიმე სხვა, მოგებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ შეინახოს. პირადად მე წინააღმდეგი ვარ, რომ სერიალები სახელმწიფომ დააფინანსოს.
- საუბრის ბოლოს, იქნებ თქვენს სამომავლო გეგმებზე გვიამბოთ.
- მომავალ წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვგეგმავ, სავარაუდოდ, აბასთუმანში. თუმცა ჯერჯერობით იდეის მეტი არაფერი მაქვს, ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვით.
- წარმატებებს გისურვებთ.